წაშლილი სცენები, 200-მილიონიანი ბიუჯეტი და სიმართლე, რომელიც კამერების მიღმა დარჩა - მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიული ფილმი, კინოთეატრებში გამოსვლიდან რამდენიმე საათში, წლის მეოთხე ყველაზე შემოსავლიანი კინოსურათი გახდა.
რამდენიმე დღის წინ, ბერლინში ათასობით გულშემატკივარი პოპის მეფის კინემატოგრაფიულ რეინკარნაციას ელოდა. წითელ ხალიჩაზე ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსებული, ანტუან ფუკუას ახალი ნამუშევრის - "მაიკლის" მსოფლიო პრემიერა შედგა.
საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მოექცა მომღერლის ძმისშვილი ჯაფარ ჯექსონი, რომლისთვისაც ეს როლი კინოდებიუტიცაა და უდიდესი ტვირთიც.
მედიასთან საუბრის დროს, მსახიობმა აღნიშნა, რომ საათობით სწავლობდა საარქივო მასალას - იმისთვის, რომ მაიკლის მოძრაობები, მანერები და ხასიათი სრულად გადმოეცა.
ჯაფარმა ასევე გაიხსენა მაიკლ ჯექსონთან დაკავშირებული საკუთარი მოგონებები.
პრემიერას ესწრებოდა ნია ლონგი, რომელიც ფილმში მაიკლ ჯექსონის დედას - კეტრინ ჯექსონს განასახიერებს.
ფილმის რეჟისორის, ანტუან ფუკუას თქმით, მილიონობით გაყიდული ალბომისა და სავსე სტადიონების მიღმა, ფილმი აჩვენებს იმ გვირგვინის სიმძიმეს, რომელსაც ათწლეულების განმავლობაში ეპოქის ერთ-ერთი უდიდესი არტისტი ატარებდა.
სიუჟეტი მომღერლის კარიერულ გზას მიჰყვება - ბავშვობიდან, როდესაც ის ძმებთან ერთად ჯგუფ "The Jackson 5-ში" მღეროდა, და მის სოლო კარიერამდე, რომელმაც ის მსოფლიო პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად აქცია.
სიუჟეტი 1988 წელს, უემბლის სტადიონზე გამართული გრანდიოზული სოლო კონცერტით სრულდება.
კრიტიკოსებმა ჯაფარ ჯექსონის შესრულება მოიწონეს, თუმცა სიუჟეტი ზედმეტად "შელამაზებულად" მიიჩნიეს.
სცენარი სკანდალურ ბრალდებებს გვერდს უვლის.
კრიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ფილმი უფრო ბრენდის დაცვას ჰგავს, ვიდრე ნამდვილ ბიოგრაფიას.
ვიდრე ჰოლივუდში აზრთა სხვადასხვაობაა, ჩვენებები მსოფლიოს ყველა კუთხეში გრძელდება და ამ დროისთვის "მაიკლის" ანგარიშზე უკვე 424 მილიონი დოლარია.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი