არც ალიანსს ტოვებენ და არც ალიანსის წესების შესრულებას აპირებენ - სააკაშვილის პარტიაში ამბობენ, რომ პოზიცია არც ყოფილ "ნაციონალებთან" დაკავშირებით გადაიხედება. წითელი ხაზი მიხეილ სააკაშვილია - ერთ დროს ყველას, ახლა კი "ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ძველი დანაყოფის ლიდერი.
პეტრე ცისკარიშვილს სადამფუძნებლო დოკუმენტი შეახსენა "ფედერალისტების" ლიდერმა. ჩერგოლეიშვილმა ცისკარიშვილს ადრეც და ახლაც განუმარტა, რომ ყოფილი და მოქმედი ნაციონალების შეთანხმებაში უზენაესი წესებია, წესების დარღვევა ნებისმიერ სუბიექტს ალიანსის მიღმა ტოვებს, მისი დაცვა კი ოპოზიციურ ერთობაში ყოფნის ერთ-ერთი წინაპირობაა.
გასარჩევი მიხეილ სააკაშვილსაც არაფერი ჰქონდა 4 დღის წინ, როდესაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოპოზიციურ 9-იანზე აღარაფერს იტყოდა. ამის მიუხედავად, ციხის წერილები უკვე დღეს სასამართლო სხდომით ჩაანაცვლა და დარბაზში წარმოთქმულ სიტყვაში იერიში ისევ ნიკა მელიაზე მიიტანა.
რა იქნება, თუ მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია მსგავს აგრესიულ რიტორიკას გააგრძელებს? "ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ, პროცესის მუდმივი დაზიანების შემთხვევაში, ოპოზიციური გაერთიანება შეიკრიბება და, წესების დარღვევისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
ანტი მიშა, თუ მიშა-მიშა კამპანია - სახელისუფლებო გუნდის შეფასებით, ნულოვანი რეიტინგის მქონე კოლექტიური "ნაციონალური მოძრაობისთვის" დადებით შედეგს ვერასდროს გამოიღებს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ უცხოელი დონორების სცენარით, ოპოზიცია ვერც საზოგადოების მოტყუებას შეძლებს.
პრემიერ-მინისტრი დარწმუნებულია, რომ გარე დავალებით შექმნილი, კერძო ინტერესების მქონე ფორმალური გაერთიანება, სხვა შემთხვევების მსგავსად, ახლაც დაიშლება. "ქართული ოცნება" კი, 10 არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მე-11 გამარჯვებასაც იზეიმებს.
ოპოზიცია არჩევნებამდე გაერთიანებულიც ვერ მიდის. 2 თვის წინ შექმნილ ალიანსში რამდენიმე კვირის წინ დაწყებული დაპირისპირება, შესაძლოა, მორიგი მარცხისა და მორიგი დაშლის წინაპირობა გახდეს.