18 ივნისი 2026,   16:53
ვრცლად
ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, სამხედრო ესკალაცია, დიპლომატიური ჩიხი და გლობალური ინფლაცია - საწვავის ფასი მსოფლიო ბაზარზე

ჰორმუზის სრუტის ბლოკადა, სამხედრო ესკალაცია, დიპლომატიური ჩიხი და გლობალური ინფლაცია - ეს ის ჯაჭვია, რომელმაც საერთაშორისო ეკონომ-ღირებულებამ ბარელზე 112 დოლარს გადააჭარბა. ეს ის ნიშნულია, რომელსაც საფონდო ბირჟებმა შოკით, ეკონომიკის სექტორებმა კი კოლაფსით უპასუხეს.

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისმა ყველაზე დიდი გავლენა ევროპის ეკონომიკაზე მოახდინა. ირკვევა, რომ კონტინენტზე ინფლაციამ უკვე 3%-ს მიაღწია, რის გამოც ევროპის ცენტრალური ბანკი ივნისიდან საპროცენტო განაკვეთების გადახედვას გეგმავს. ქვეყნებისთვის ახლა მთავარი გამოწვევა რეცესიის საფრთხეა. საერთაშორისო მედია წერს, რომ თუ ომი გახანგრძლივდა და საწვავი არ გაიაფდა, ევროპის ეკონომიკა, ზრდის ნაცვლად, უკუსვლას დაიწყებს.

გამოწვევას გერმანიის მთავრობამ საწვავზე აქციზის შემცირებით უპასუხა. 1-ლი მაისიდან ძალაში შევიდა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ლიტრ ბენზინზე გადასახადი დაახლოებით 17 ცენტით უნდა შემცირებულიყო. თუმცა, გერმანიის საავტომობილო კლუბის მონაცემებით, შეღავათი ფასებზე სრულად არ აისახა - რეალური კლება კი მხოლოდ 10-11 ცენტი აღმოჩნდა.

კრიზისი შეეხო ხორვატიასაც. საწვავის ფასის გაორმაგების გამო, ახლა ადგილობრივი მეთევზეებისთვის საქმიანობის ხარჯების ძირითადი ნაწილი სწორედ ენერგორესურსებზე მოდის, რის გამოც, სანაოსნო გემების კაპიტნებმა მეზობელ იტალიასა და სლოვენიაში თევზის ექსპორტი შეაჩერეს.

კრიზისიდან თავის დაღწევის მიზნით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს იღებენ ბაზრის მთავარი მოთამაშეები. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა OPEC-ი დატოვა. აბუ-დაბიში განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას ნავთობის მოპოვების გაზრდის საშუალებას მისცემს.

გეოპოლიტიკური დაძაბულობა აისახა ამერიკულ ბაზარზეც - შტატებში ბენზინის ფასი რეკორდულ 4.45 დოლარამდე გაიზარდა. ომის დაწყებიდან დღემდე, საწვავი 1.47 დოლარით გაძვირდა, რამაც ადგილობრივ ფერმერებს გამოწვევა შეუქმნა.

ვიდრე საერთაშორისო თანამეგობრობა კრიზისიდან გამოსავლის გზებზე მსჯელობს, შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ახალი, მასშტაბური ოპერაცია დაიწყო. მისიის მიზნად, რომელსაც "თავისუფლება" ჰქვია, სტრატეგიული დერეფნის ბლოკადის გარღვევა და ტანკერების უსაფრთხოების დაცვა სახელდება.

ცნობილია თეირანის პოზიციაც: ირანი ჰორმუზის სრუტეში ვაშინგტონის სამხედრო აქტივობას აგრესიად აფასებს. ისლამური რესპუბლიკა იმუქრება, რომ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ამ ენერგეტიკული არტერიის ძალისმიერ კონტროლს ისახავს მიზნად, სამხედრო პასუხი მოჰყვება.

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები