60 დღის შემდეგ ირანში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაცია ოფიციალურად დასრულდა. ინფორმაციას ამერიკული პრესა თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს. დოკუმენტში საუბარია, რომ ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებები "დასრულდა", თუმცა ამერიკული ძალები რეგიონში დარჩებიან. "ესოშიეითიდ პრესმა" ის წერილი გამოაქვეყნა, რომელიც თეთრმა სახლმა კონგრესს გაუგზავნა.
ჯერჯერობით, ვაშინგტონს ოფიციალური კომენტარი თემაზე არ გაუკეთებია. ერთი დღით ადრე კი ფლორიდაში გამართულ ღონისძიებაზე შტატების პრეზიდენტი მოლაპარაკებების პროცესში ამერიკისთვის მიუღებელ პირობებზე საუბრობდა.
პარალელურად, თეირანი მზად არის პაკისტანის შუამავლობით ვაშინგტონთან მოლაპარაკება განაგრძოს. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს. მთავარი პირობად რჩება ჰორმუზის სრუტის გახსნა, სანაცვლოდ კი ირანი აშშ-ის მხრიდან თავდასხმების შეწყვეტასა და საზღვაო ბლოკადის მოხსნას ითხოვს. თუ ვაშინგტონი ამ პირობებს დათანხმდება, თეირანი მზად არის მოლაპარაკებების დღის წესრიგში ბირთვული პროგრამის საკითხი დააყენოს. სანამ ამ შეთავაზებაზე შტატების პოზიცია გაირკვევა, ირანის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში რჩება.
ჰორმუზის სრუტის ორმხრივი ბლოკადის ფონზე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზის წინაშე დგას. გაეროში ჩინეთის ელჩი კონფლიქტის მხარეებს შეთანხმებისა და სრუტის გახსნისკენ მოუწოდებს.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის ეპიცენტრში კვლავ რჩება ლიბანი. ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა. "ცაჰალის" განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში სამხრეთ ლიბანზე 50-ზე მეტი იერიში მიიტანეს, მთავარი სამიზნე კი "ჰეზბოლას" დაჯგუფების ინფრასტრუქტურული ობიექტებია.
ირანის კრიზისმა კრიზისი გამოიწვია ნავთობინდუსტრიაში, მსოფლიო ეკონომიკა კოლაფსის პირასაა, რაც განსაკუთრებით ევროპულ ქვეყნებზე ახდენს გავლენას. ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებიდან დღემდე ნავთობის ფასი 60 პროცენტამდე გაიზარდა, მიზეზი ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა და საზღვაო მიმოსვლის პარალიზებაა. ამ დროისთვის, ნავთობის ფასი ბარელზე 108 დოლარია, მაშინ, როცა შარშან ამ დროს ბარელის ფასი 60-დან 62 დოლარამდე მერყეობდა.