ერთობას, რომელიც მამა ანდრია ჯაღმაიძის თქმით, წმინდა სინოდის წევრებს შორისაა, ვერც ცილისმწამებლური და ვერც დეზინფორმაციული კამპანია ვერ დაარღვევს. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დღეს კომენტარი, ერთ-ერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც, ატენისა და გორის მიტროპოლიტ ანდრია გვაზავას, სინოდის წევრებმა პატრიარქობის კანდიდატობაზე უარი უთხრეს და ზნეობრივ დარღვევებზე მიუთითეს. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ მსგავსი ინფორმაციის გავრცელების მიზანი ეკლესიის დაზიანებაა. მანამდე ამ თემაზე ოფიციალური განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.
მას შემდეგ, რაც წმინდა სინოდის წევრებმა პატრიარქობის 3 კანდიდატი გამოარჩიეს, შეტევა არ წყდება მეუფე შიოზე, რომელმაც ყველაზე მეტი - 20 ეპისკოპოსის ხმა მოიპოვა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს და მის მხარდამჭერებს მძიმე ბრალდებებს უყენებს დოროთე ყურაშვილი და ამტკიცებს, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება გარე ჩარევით მიიღო.
საპატრიარქოზე შეტევა და მისი დისკრედიტაციის მცდელობა მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ეკლესიის ავტორიტეტის შელახვას ემსახურება. მისივე თქმით, ეს დეზინფორმაციული კამპანია წლების წინ დაიწყო, სამიზნე ჯერ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე იყო, ახლა კი სხვადასხვა ცილისმწამებლური ბრალდების ადრესატი მისი თანამოსაყდრე მეუფე შიოა.
ცილისმწამებლური განცხადებებისგან თავის შეკავებისკენ სხვებს მოუწოდებენ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები, თუმცა მათივე ლიდერი მიხეილ სააკაშვილი პატრიარქის არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს.
ეკლესიაზე შეტევა და მისი ავტორიტეტის შელახვის მცდელობა მმართველი გუნდის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ იმ კამპანიის მიღმა, რომელიც საპატრიარქოსა და ეკლესიის წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს, უცხო ძალები და უცხოური დაფინანსება დგას.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეკლესიის წინააღმდეგ "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაწყებული კამპანია, სავარაუდოდ, არც ახალი პატრიარქის არჩევის შემდეგ დასრულდება. საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი 17 მაისამდე ეყოლება.
ავტორი: ნანა გოგატაძე