"დღეს გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა", - განაცხადა "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა, თეკლა თიკანაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ.
მისივე თქმით, ჩართულობისთვის ახალგაზრდებს სხვადასხვა მექანიზმები შესთავაზეს.
"დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ახალგაზრდები არ არიან მხოლოდ მსმენელები - ისინი არიან აქტიური მონაწილეები ჩვენი კონფერენციებისა. დღეს გამოიკვეთა, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით აინტერესებთ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა. ჩვენ შევთავაზეთ სხვადასხვა მექანიზმები, რითაც შეიძლება პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთონ", - განაცხადა თეკლა თიკანაშვილმა.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციას დღეს საგურამომ უმასპინძლა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში მცხოვრებ სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან ყველა აქტუალური საკითხი კითხვა-პასუხის რეჟიმში განიხილეს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია, საერთო ჯამში, 10 რეგიონში გამართავს სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან შეხვედრას. მცხეთა-მთიანეთი მეხუთე რეგიონია, სადაც კონფერენცია უკვე გაიმართა. შემაჯამებელ შეხვედრას დედაქალაქი უმასპინძლებს.