"ქართული ოცნება" "მითების დეტექტორს" სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ უცხოეთიდან დაფინანსებული ეს ორგანიზაცია, მხოლოდ უცხო ძალების ინტერესებს ემსახურება - ავრცელებს დეზინფორმაციას, ცდილობს ყველა თემის პოლიტიზირებას და ხალხის ემოციებზე ზემოქმედებას. საუბარია "მითების დეტექტორის" მიერ გავრცელებულ მორიგ სტატიაზე, რომელშიც ორგანიზაცია "რუსთავი 2"-ს და ვატო შაქარიშვილს ბრალს დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლების წინააღმდეგ ე.წ. ტროლ-ბოტების მობილიზებაში სდებს.
"მითების დეტექტორი" ვრცელ სტატიაში ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ facebook ანგარიშებზე წერს. სტატიაში ამტკიცებენ, რომ ის პოსტები, რომლებსაც "რუსთავი 2" დიუშენის დაავადებასთან დაკავშირებით სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით ავრცელებდა, ყალბი პროფილებით იწონებდნენ.
რის საფუძველზე აკავშირებს "მითების დეტექტორი" არაავთენტური facebook პროფილების აქტივობასთან "რუსთავი 2"-სა და "ნეიტრალური საქართველოს" ლიდერს, მაშინ, როცა ყალბი facebook გვერდის შექმნა სხვადასხვა მიზნით დღეს ნებისმიერ ადამიანს და ორგანიზაციას შეუძლია. ბრალდებების ავტორმა, თამარ კინწურაშვილმა კონკრეტული ფაქტების დასახელების ნაცვლად, მის მიერ მომზადებულ ზოგად სტატიაზე მიგვითითა.
"მითების დეტექტორის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს ბრალდებების ადრესატი. ვატო შაქარიშვილის თქმით, მსგავსი დეზინფორმაცია "ნეიტრალური საქართველოს" დისკრედიტაციას ემსახურება.
"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ბრალდებები მტკიცებულების გარეშე, "მითების დეტექტორის" მსგავსი ორგანიზაციების და მის მიღმა მდგარი ადამიანების ხელწერაა. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ დეზინფორმაციის იარაღად გამოყენების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, არც უცხო ძალებს და არც მათი ინტერესების გამტარებლებს არ გამოუვათ.
"მითების დეტექტორმა" "რუსთავი 2" დიუშენის სინდრომის სამკურნალო პრეპარატების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაშიც დაადანაშაულა, ეს მაშინ, როცა "რუსთავის 2"-ის მიერ გავრცელებული ყველა ინფორმაცია მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომებსა და ოფიციალურ წყაროებს ეყრდნობა - მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების წამლებისა და სურსათის სააგენტოს, ასევე ევროპის წამლის სააგენტოს ოფიციალურ ინფორმაციას.
ავტორი: ნანა გოგატაძე