03 აგვისტო 2026,   16:03
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის მორიგი განცხადება ეკლესიის დისკრედიტაციისთვის - მმართველი გუნდის შეფასებით, ექსპრეზიდენტი საზოგადოების გახლეჩას და არეულობის მოწყობას გარე აქტორების დავალებით ცდილობს

"ძალიან მიკვირს მედიის, რომელიც ისე აქტიურად აშუქებს პატრიარქის ე.წ. არჩევნების რუსულ სპეცოპერაციას, ვითომ მართლა რაიმე კონკრეტულ პროცესთან გვქონდეს საქმე და ინტრიგა რჩებოდეს" - მიხეილ სააკაშვილმა ეკლესიის მადისკრედიტებელი მორიგი განცხადება, სოციალურ ქსელში გუშინ საღამოს გაავრცელა. არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული და მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი რუსულ სპეცოპერაციას იმ მრავალსაუკუნოვან ტრადიციას უწოდებს, რაც საქართველოს ეროვნულ სუვერენიტეტს განსაზღვრავს. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის რეალურ გეგმაზე, დღეს, მმართველ გუნდში ისაუბრეს. "ქართული ოცნების" წარმომადგენლების თქმით, სააკაშვილის ნეგატიური დამოკიდებულება ქართული ეკლესიისადმი სიახლე არ არის. თუმცა, ამჯერად ექსპრეზიდენტი საზოგადოების გახლეჩას და ქვეყანაში ამ გზით არეულობის მოწყობას გარე აქტორების დავალებით ცდილობს.

"ნაციონალურ მოძრაობაში" დღეს მათი ლიდერის განცხადების შერბილებას ცდილობდნენ. ამტკიცებდნენ, რომ პატიმარი ექსპრეზიდენტი სინოდს თავს არ დასხმია და შესაძლო საფრთხის შესახებ საზოგადოება გააფრთხილა. მიხეილ სააკაშვილის პოსტის შეფასებაზე უარს ამბობენ სხვა ოპოზიციური პარტიები, თუმცა აღნიშნავენ, რომ პოლიტიკოსი სინოდის საქმეში არ უნდა ჩაერიოს.

უკვე რამდენიმე დღეა სააკაშვილის მსგავსად, ეკლესიის მადისკრედიტებელ განცხადებებს ოპოზიციასთან აფილირებული სხვა პირებიც აკეთებენ. დღეს დოროთე ყურაშვილმა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, ცილისწამებასთან ერთად, სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

რიგი აქტორების გააქტიურებას კოორდინირებული კამპანიის ნაწილად მიიჩნევენ კანონმდებლები. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მასთან აპელირებული პირები რეალურად, ჩრდილოვანი მმართველების დავალებას ასრულებენ. ისინი ცდილობენ ეკლესიას თავს გარდამტეხ მომენტში დაესხან, რომ საზოგადოებაში დისონანსი შემოიტანონ. 

სოციალური ქსელისა თუ სატელევიზიო ეთერების საშუალებით საპატრიარქოსა და სინოდის შეურაცხმყოფელი კოორდინირებული კამპანია მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 20-მა ეპისკოპოსმა, პატრიარქობის კანდიდატად, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო დაასახელა.

დღის ამბები