04 აგვისტო 2026,   12:17
ვრცლად
დაპირისპირება ოპოზიციაში - ყოფილი თანაგუნდელები ურთიერთბრალდებებს აგრძელებენ

დაუმორჩილებლობამ "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილი ნაციონალების გაერთიანების კართან დააყენა. ფორმალურად ალიანსში, დე ფაქტო კი ალიანსის მიღმა - ასე ხედავენ სააკაშვილის პარტიას სხვები, ერთ დროს თანაგუნდელები, რომლებიც მოცემულობის დე იურედ გაფორმებას შეეცდებიან. საკითხი დღის წესრიგში უკვე დააყენეს, თუმცა ირწმუნებიან, რომ ეს არა მათი, არამედ თავად "ნაციონალური მოძრაობის" არჩევანია. რატომ შევიდა ექსპრეზიდენტის გუნდი ნებაყოფლობით გაერთიანებაში, სადაც დანარჩენ რვას თანასწორად არ მიიჩნევს - ოპოზიციური ცხრიანი ერთი მაგიდის გარშემო სწორედ ამის გასარკვევად შეიკრიბება.

სწორედ პასუხების საპასუხოდ უწოდებს სააკაშვილი ალიანსის წევრებს ხელმოცარულ ოპოზიციონერებს, რომლებიც, მისივე თქმით, "შეაგინე მიშას" მისიას ასრულებენ. ვინ დაიწყო თავდასხმა და ურთიერთგაშავების კამპანია - ფურცელზე შეთანხმებით გაერთიანებულები სხვა ყველაფერთან ერთად ამაზეც დავობენ. ექსპრეზიდენტი ციხიდან ირწმუნება, რომ შეტევა მას არ დაუწყია და "ნაციონალური მოძრაობა" მოგერიების რეჟიმშია, თუმცა ალიანსს მაინც არ ტოვებს.

მწვავე დაპირისპირებისგან დისტანცირებულები კი სხვებს სწორედ ამას ურჩევენ - პრობლემები ჩუმად გადაწყდეს, რათა მხარდამჭერების ფრუსტრაცია შემცირდეს. "ევროპული საქართველო" ყოფილ თანაპარტიელებს მედიატორის როლიდან მოუწოდებს, უკვე გაფორმებულ ერთობაში თანამშრომლობის ფორმა მოძებნონ.

ლიდერებით ჩანაცვლების მცდელობა რომ უშედეგოა, ამას დიდი ხანია ამბობს "გირჩი". პარტია თითქმის ყველა მსგავსი გაერთიანების შექმნამდე პროგნოზირებდა, რომ "ნაციონალური მოძრაობიდან" აღმოცენებულ პარტიებს სააკაშვილისგან გამიჯვნა შედეგს არ მოუტანდა.

ოქსიმორონი მმართველი გუნდისთვის, ყოფილი "ნაციონალების" სხვადასხვა პარტიებად დაყოფაა - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ე.წ. კოლექტიურ "ნაციონალურ მოძრაობას" საერთო მიზანი და საერთო დირექტივა აქვს. მიმდინარე კვირის დღის წესრიგი - პარტიებმა ე.წ. კარდაკარის პრინციპით, საჯარო შეხვედრების სახელით იარეს, თუმცა ერთმანეთთან კვლავ დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ.

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისში, სხვა დანარჩენები კი სხვა ქალაქებში - ასეთი იყო ერთი ალიანსის ქვეშ გაერთიანებულების მიმდინარე კვირის დღის წესრიგი. პარტიებმა ე.წ. კარდაკარის პრინციპით, საჯარო შეხვედრების სახელით იარეს, თუმცა ერთმანეთთან კვლავ დახურულ კარს მიღმა შეიკრიბნენ.

დღის ამბები