მამუკა მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა. მას ასევე დაეკისრა ვიცე-პრემიერის მოვალეობის შესრულება. ბრძანება, რომელსაც ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, დღეს გამოქვეყნდა.
მთავრობის სტრუქტურის და საქმიანობის წესის შესახებ კანონში ცვლილებებს, პარლამენტმა მხარი გუშინ დაუჭირა, შედეგად სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნა.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი შეფასებით, აღნიშნული პოზიცია პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში უსაფრთხოების გარემოს გაუმჯობესებასთან:
"უწყებების ერთმანეთთან კოორდინაციის თემა აქტუალური გახდა ბოლო პერიოდში, საკადრო შემადგენლობასთან დაკავშირებით არ გვქონია საუბარი, სტრუქტურასთან დაკავშირებით შევთანხმდით და ბოლო პერიოდში მამუკა მდინარაძის კანდიდატურა იქნა დაყენებული.
ვიცე-პრემიერობა დღეს ამ მიმართულებით არის დაყენებული, რომელსაც სპეკულაციურადაც კი ვერ შეაფასებ, პოლიტიკურ იერარქიაში ეს საკმაოდ მაღალი წოდებაც არის. იმედი მაქვს, რომ მამუკა მდინარაძე სწორედ ის ადამიანია, რომელიც ამ მიმართულებით საქმიანობას განავითარებს ისე, რომ არც ჩვენს მოწინააღმდეგეებს ექნება რამე პრეტენზია და არც მომხრეებს, მთავარია ჩვენი ოჯახები იყოს უსაფრთხოდ", - აცხადებს გიორგი ვოლსკი.