18 ივნისი 2026,   19:11
ვრცლად
ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, ლიბანში, ღაზას მსგავსი, "ჰეზბოლას" მიწისქვეშა გვირაბები გაანადგურეს - CNN

ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ სამხრეთ ლიბანში "ჰეზბოლას" მიწისქვეშა გვირაბები გაანადგურეს და ისინი ღაზაში არსებულ გვირაბებს შეადარეს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განცხადებით, აღნიშნული ინფრასტრუქტურა კანტარაში "მასიური აფეთქების" დროს განადგურდა.

"პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, მე დავავალე ისრაელის თავდაცვის ძალებს გაენადგურებინათ უსაფრთხოების ზონაში "ლურჯ ხაზამდე" არსებული ყველა ტერორისტული ინფრასტრუქტურა, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა, ისევე როგორც ღაზაში, რათა მოეხსნათ საფრთხე გალილეის მაცხოვრებლებისთვის", - თქვა კაცმა.

"ლურჯი ხაზი", სამხრეთ ლიბანის გასწვრივ 120 კილომეტრზე გადაჭიმული ტერიტორიაა, რომელიც ორ ქვეყანას შორის ფაქტობრივ საზღვარს წარმოადგენს.

ისრაელის სამხედრო ძალების განცხადებით, მათმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს ორი მიწისქვეშა გვირაბი, რომლებიც დაახლოებით ათწლეულის განმავლობაში აშენდა და რომლებიც "ათობით მეტრის" სიღრმეზე იყო აგებუყლი. სამხედროების თქმით, მათ აღმოაჩინეს სნაიპერული იარაღი, ასაფეთქებელი მოწყობილობები და აღჭურვილობა, რაც მებრძოლებს მიწისქვეშ დიდი ხნის განმავლობაში დარჩენის საშუალებას აძლევდა.

სამხედროებმა ასევე გაავრცელეს ვიდეო, რომელიც, სავარაუდოდ, გვირაბების შიდა ნაწილს აჩვენებს. 

"ლიბანის მთავრობამ და ლიბანის არმიამ სამხრეთ ლიბანის "ჰეზბოლას" ტერორისტებისა და იარაღისგან დემილიტარიზაციის ვალდებულება აიღო და ეს შედეგებიც ასეთია", - განაცხადა კაცმა.

ისრაელმა არაერთხელ გააკრიტიკა ლიბანის მთავრობა იმის გამო, რომ საკმარისს არ აკეთებს "ჰეზბოლას" შესაძლებლობების შესამცირებლად. "ჰეზბოლას" მხრიდან კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.

დღის ამბები