20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგატები - თბილისი ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას მასპინძლობს. კონფერენცია სოფლის მეურნეობის და ჯანდაცვის მინისტრებმა, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან ერთად გახსნეს.
დაავადებების პრევენცია, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებები, ლაბორატორიული შესაძლებლობები და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დანერგვა - ეს ის ძირითადი საკითხები იყო, რაც კონფერენციის მონაწილეებმა დისკუსიის ფორმატში განიხილეს.
ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ვეტერინარიის დარგში, საქართველოს მნიშვნელოვან პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.
კონფერენციის მონაწილეებმა მოისმინეს ის პოლიტიკური ხედვები, რომელიც საქართველოს ვეტერინარიის, როგორც პროფესიის განვითარების მიმართულებით აქვს. ახალგაზრდების ჩართულობა და ინტერესი, სახელმწიფო ერთ-ერთი პრიორიტეტია. საერთაშორისო დონის შეხვედრას სტუდენტებიც ესწრებოდნენ.
ვეტერინარიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა. პროფესიული მიღწევებისთვის, 10 ვეტერინარი და 10 წარმატებული სტუდენტი დააჯილდოვეს.