ვაშინგტონში, ფედერალური სასამართლოს შენობასთან, ამ წუთებში სამართალდამცველებისა და მედიის განსაკუთრებული მობილიზებაა. რამდენიმე საათში, ამერიკული მართლმსაჯულების წინაშე 31 წლის მასწავლებელი წარდგება - კოულ ტომას ალენს, პოლიტიკურად მოტივირებული თავდასხმის გამო, დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
პარალელურად, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი რეიდები, ჩხრეკები და დაკითხვების სერია. კალიფორნიის ქალაქ ტორანსში ფედერალური აგენტები თავდამსხმელის საცხოვრებელ სახლსა და უბანში სპეცოპერაციას ატარებენ - მიმდინარეობს ციფრული კვალის ამოღება, პირადი მიმოწერების გაშიფვრა და იმ ნათესავების დაკითხვა, ვისაც ბრალდებული დანაშაულის ჩადენამდე ეკონტაქტა.
20:35 საათი - "ვაშინგტონ ჰილტონის" ფოიეში შეიარაღებულმა მამაკაცმა საიდუმლო სამსახურის კორდონი გაარღვია და გეზი შენობის ქვედა სართულისკენ აიღო. თავდამსხმელმა ცეცხლი იქამდე გახსნა, ვიდრე საკონფერენციო დარბაზამდე მივიდოდა, სადაც "თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაცია" ტრადიციულ ვახშამს მართავდა. ჟურნალისტებთან ერთად, ღონისძიებას ესწრებოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, პირველი ლედი, ვიცე-პრეზიდენტი, სახელმწიფო მდივანი და სენატის სპიკერი.
90 წამის განმავლობაში, თავდამსხმელმა სროლის ორი სერია განახორციელა: პირველი - უსაფრთხოების მთავარ კორდონთან, მეორე კი - კიბის მიმდებარედ. საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა მას მყისიერი საპასუხო ცეცხლით უპასუხეს. თავდამსხმელი ჯერ წააქციეს, შემდეგ ხელბორკილები დაადეს და პირველადი სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარეს.
სროლის მომენტში დონალდ ტრამპი, ადმინისტრაციისა და მედიის ასობით წარმომადგენელთან ერთად, საკონფერენციო დარბაზში იმყოფებოდა. საიდუმლო სამსახურის აგენტებმა დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მყისიერად გაიყვანეს. სტუმრების უმეტესობა მაგიდების ქვეშ აფარებდა თავს. პერიმეტრზე კონტროლის დასამყარებლად, სპეცრაზმს რამდენიმე წამი დასჭირდა. ავტომატებით შეიარაღებულმა აგენტებმა დარბაზის ყველა გასასვლელი დაიკავეს და შენობიდან ევაკუაცია მოახდინეს.
მალევე გაირკვა, რომ თავდამსხმელი კალიფორნიის შტატის ქალაქ ტორანსის მკვიდრი, 31 წლის კოულ ტომას ალენია. გამოძიებით დადგინდა, რომ მას ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის მიმართ იდეოლოგიური მოტივაცია ამოძრავებდა. საკუთარი პოზიციები მან მანიფესტში ასახა, რომელიც თავდასხმამდე ნათესავებს გადასცა.
ამ მანიფესტის ციტატა თავდასხმიდან რამდენიმე საათში საგამოძიებო გადაცემა "60 წუთის" ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს წაუკითხა. როდესაც ბრალდებები გაჟღერდა, ტრამპმა მას პირდაპირ ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა.
ვაშინგტონში განვითარებულ მოვლენებს მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელ "X"-ზე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მსგავსი თავდასხმები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას. გამოქვეყნდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პოზიციაც, რომელმაც მომხდარი თავდასხმის მცდელობა მკაცრად დაგმო.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე