საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა და ელჩთან შეხვედრა შეაფასა.
მინისტრის თქმით, როგორი განმარტებაც არ უნდა მოისმინონ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება და ის სურათი, რომელსაც ხედავენ მიუღებელია.
ბოჭორიშვილის განმარტებით, ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო და რამდენად არ სჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები.
"ჩვენზე, ქართველებზე და ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებაზე უკეთ ვერავინ მიხვდება და გაიგებს, რომელ გზაგასაყარზე დგას ეს ქვეყანა. ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში. ხელისუფლება წარმოადგენს იმ ხალხის ნებას, რომელზეც ასე ღელავენ. შესაბამისად, ხელისუფლება ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყარზე დგას საქართველო, რამდენად სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და რამდენად გვჭირდება სტაბილურობა. რამდენად არ გვჭირდება ამ საზოგადოების პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის წახალისება. ასევე, არ გვჭირდება არც ბნელი წარსული და არც მსგავსი მუქარები.
ის განცხადებები, ქმედებები, ნაბიჯები, რომელიც ბრიუსელის მხრიდან იდგმება, ის დამოკიდებულება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ვხედავთ, არის მიუღებელი და მიმართულია ამ საზოგადოებაში პოლარიზაციისკენ. მიუღებელია ყველაფერი ის, რაც ჩვენს საზოგადოებაში აღვივებს პოლარიზებას და მიუღებელია რადიკალური დღის წესრიგის წახალისება.
როგორი განმარტებაც არ უნდა მოვისმინოთ, ფაქტები და ქმედებები ფაქტებად და ქმედებებად რჩება. სურათი, რომელსაც ვხედავთ, მიუღებელია. საქართველო არის კეთილსინდისიერი პარტნიორი! მას ევროკავშირთან მიმართებით არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ დაზიანებულიყო ევროკავშირის რომელიმე ინტერესი. შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან ჩვენც მოველით, რომ ბრიუსელიდან ის დამოკიდებულება იქნება, რასაც საქართველო იმსახურებს - კეთილსინდისიერ ურთიერთობაში. ამას ვერ ვხედავთ ამ ეტაპზე და ამის გამოხატულებაა ის ნაბიჯებიც, რასაც ვხედავთ. თუ გვინდა, რომ ურთიერთობები ისევ ნორმალურ რეჟიმში გადავიდეთ, მინიმუმ ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და მინიმუმ უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ეს ურთიერთობები, რომელსაც ასეთი განცხადებები, არყევს", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩი საგარეო უწყებაში, მის მიერ ბრიუსელში გაკეთებული განცხადების გამო დაბარეს. პაველ ჰერჩინსკისა საგარეო საქმეთა სამინისტყროში დღეს იმყოფებდოა.
რამდენიმე დღის წინ ელჩმა საკუთარი განცხადებით ძალადობა, სამოქალაქო ომი და სიღარიბე ევროპული მომავლის ალტერნატივად წარმოაჩინა და თქვა, რომ უახლოეს პერიოდში გადაწყდება, საქართველო ეკუთვნის ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ ბრუნდება ბნელ წარსულში. მმართველმა პარტიამ ელჩის ნათქვამში ქვეყნისა და მოსახლეობის მიმართ ღია მუქარა, ასევე ხელისუფლების შეცვლის მკაფიო სურვილი ამოიკითხა.