ჯანდაცვის სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მქონე ბავშვებთან ერთად, კვლევითი, სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებები, სახელმწიფო დაფინანსებით ზრდასრულმა პაციენტებმაც მიიღონ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, მოადგილე თეა გიორგაძესთან ერთად, ექიმებსა და იმ კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა, ვისაც აქვს ინტერესი, პროგრამაში ჩაერთოს და ბენეფიციარებს აღნიშნული სერვისები შესთავაზონ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სპინალურ კუნთოვანი ატროფიის, დიუშენისა და ბეკერის კუნთოვანი დისტროფიის მკურნალობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, მათი მიმდინარეობის მონიტორინგია. სიახლის ამოქმედებით ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ საჭირო სერვისების ფართო სპექტრი, რაც მათი მდგომარეობის მართვის პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები ისარგებლებენ ნევროლოგის, კარდიოლოგის, პულმონოლოგის, ენდოკრინოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნუტრიციოლოგის, ორთოპედის კონსულტაციით, ასევე - კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით, როგორიცაა: ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოსკოპია, 24-საათიანი ჰოლტერ-მონიტორინგი, სპირომეტრია, დენსიტომეტრია, ვიტამინ D კონცენტრაციის განსაზღვრა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ხერხემლის რენტგენოგრაფია, სისხლის საერთო ანალიზი, შარდის საერთო ანალიზი, კრეატინკინაზას განსაზღვრა, თირკმლის ფუნქციური სინჯები (შარდოვანა, კრეატინინი), ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ტუტე ფოსფატაზა, ალტ, ასტ), ელექტროლიტების (ნატრიუმი, კალიუმი, ქლორი, მაგნიუმი, რკინა) განსაზღვრა, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში, განავლის კვლევა ფარულ სისხლდენაზე.