ერთობის საკითხი ოპოზიციისთვის ისევ დამოკლეს მახვილად იქცა - ორი თვე, ორი ჩხუბი და გზა, რომელიც დაშლამდე მიდის. ამ სცენარის ასე განვითარება, ალბათ, არც არავის გაჰკვირვებია, თუმცა პროცესები იმაზე სწრაფად განვითარდა, ვიდრე წინა შემთხვევებში. ციხე შიგნიდან, ამჯერად პატიმარმა სააკაშვილმა გატეხა. თუმცა სულ სხვა ციხე - ოპოზიცია ერთობას რომ ეძახის. შესაძლო დასასრულის დასაწყისი ეპისტოლარულ ჟანრს მოჰყვა. მსჯავრდებულმა და ბრალდებულმა სააკაშვილმა წერილი წერილზე წერა და არ დამალა, რომ ალიანსის სტრატეგიითა და ბრძოლის გზით უკმაყოფილოა. არც პასუხს დაუგვიანია და შემდეგ - არც პასუხის პასუხებს.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პოზიცია შეცვალა. ჯერ ალიანსის შეხვედრაზე არ მივიდნენ, შემდეგ თქვეს, რომ გაერთიანების დატოვება სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა, შემდეგ ნათქვამი ჩაასწორეს და განაცხადეს, რომ გაბუტვას არ აპირებენ. ბოლოს კი მათი ლიდერის კრიტიკასა და წასვლას შორის ტოლობის ნიშანი დასვეს. სანამ ოპოზიციის ერთი ნაწილი, პოზიციებს იცვლიდა და სამიზნეების გასწორებას ციხიდან ითხოვდა, მეორე ნაწილი სააკაშვილის წერილებით ნათქვამს გაემიჯნა. გაკეთდა ღია მოწოდებაც ან შეთანხმების დაცვა ან ალიანსის დატოვება.
სანამ "ნაციონალური მოძრაობა" ორიდან ერთს აირჩევს, მათი ლიდერი არ ჩერდება. სააკაშვილის კალამი ყველას მისწვდა. მათ შორის გვარამია-მელიას გუნდის წევრს, რომელმაც სააკაშვილის პოსტების შეზღუდვაც კი მოითხოვა. მსჯვარდებულმა და ბრალდებულმა პატიმარმა კი, ნოდარ ჩაჩანიძეს ორიენტირ დაკარგული და თვითგამოცხადებული პოლიტიკოსი უწოდა. სააკაშვილის სამიზნე "დროას" ერთ-ერთ წევრზეც გასწორდა, გიგა ლემონჯავაზე, რომელზეც დაწერა, რომ მისი ძირითადი ფუნქცია ეთერის შევსებაა და რომ ლემონჯავას პოლიტიკოსადაც კი არ აღიარებენ. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეს ბანი კიდევ ერთმა ყოფილმა მისცა. ლევან ხაბეიშვილმა ალიანსის წევრები საბრალდებო სკამიდან გააკრიტიკა და კოლეგების სტრატეგიას ორიანიც დაუწერა.
ყოფილი და მოქმედი ნაციონალების ჩხუბი არ უკვირთ "გირჩში." ოპოზიციური პარტია, რომელიც ოპოზიციური ალიანსის წევრი არ არის, კოლეგების დაშლის პროგნოზს ჯერ კიდევ ორი თვის წინ აკეთებდა. იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუკი ალიანსს ერთობა რეალურად სურს, მაშინ სააკაშვილის აღიარება მოუწევთ.
ერთობას რომ ხანგრძლივი პერსპექტივა ვერ ექნებოდა, ამაში მმართველი გუნდი დიდი ხანია დარწმუნდა. "ქართულ ოცნებას" ამის თქმის საფუძველს რამდენიმე არგუმენტი აძლევს, მათ შორის წარსული პრაქტიკა. რატომ უკავშირებენ მათი ოპონენტები გზას ისევ ერთმანეთს, ყოველი ვერ შემდგარი გაერთიანების შემდეგ? სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ყველა დროის ნაციონალების გაერთიანებაში, რეალურად ერთმანეთს ვერ იტანენ, თუმცა გარე დავალებას ასრულებენ.
ოპოზიცია ვირტუალურად თანამდებობებსაც ინაწილებდა და თანამშრომლობის პირობასაც დებდა, თუმცა ამჯერად სააკაშვილის წერილმა ესეც ილუზიად აქცია, როდესაც კოალიციური მთავრობა დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესს ფორმად გამოაცხადა. დაიწუნა ქუჩის სტრატეგიაც და "თარიღების დაკიდებაც". ოპონენტების ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები, მმართველ გუნდს არ უკვირს. აცხადებენ, რომ ყოფილი და მოქმედი "ნაციონალების" ერთობა გამორიცხულია, რადგან სააკაშვილი მუდმივად მორჩილებას მოითხოვს და არა თანამშრომლობას.
ოპონენტების სტრატეგია "ქართული ოცნებისთვის" დიდი ხანია საინტერესო აღარ არის. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ოპოზიციის განხეთქილება, ოპონენტების მძიმე მდგომარეობაზე მეტყველებს.
ყოფილ და მოქმედ ნაციონალებს წითელი ხაზები გავლებული აქვთ. პოლიტიკური მსხვერპლშეწირვის მოლოდინში კი უპასუხოდ რამდენიმე კითხვა რჩება: ვინ რას დათმობს ალიანსის სანაცვლოდ და გადააყოლებენ თუ არა მოქმედები ნაცები პარტიის ლიდერს 9 პარტიის გაერთიანებას?