კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული პრობლემები და არსებული გამოწვევების წინააღმდეგ, კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობა - სამხრეთ კავკასიისა და შუა აზიის სახელმწიფოების ლიდერები, ამ თემების განსახილველად, ასტანაში შეიკრიბნენ. რეგიონული ეკოლოგიური სამიტის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვა მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიების თემას აღარ წარმოადგენს, არამედ გავლენას ახდენს ქვეყნების ეკონომიკაზე, საზოგადოებისა და მოქალაქეების ყოველდღიურობაზე. პრეზიდენტის განმარტებით, გარემოსდაცვითი მმართველობის გაძლიერება, კლიმატის პოლიტიკის განვითარება და მწვანე და ინკლუზიური ზრდის ხელშეწყობა ეროვნული სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია.
საქართველოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მყარი ინსტიტუციური მექანიზმების ჩამოყალიბება, სტაბილური განვითარების გარეშე შეუძლებელია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ, გლობალურად არასტაბილურ გარემოში. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის მნიშვნელობას.
სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებისა და შუა დერეფნის პოტენციალის გაფართოებაზე ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრისას. ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობაზე საუბრის პარალელურად, შეხვედრაზე კონკრეტული გადაწყვეტილებაც მიიღეს. ითქვა, რომ საქართველო - ყაზახეთს შორის არსებული ტრადიციული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტით გამყარდება, რომელსაც ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. მსგავსი შეთანხმებები და ფორუმები, ქართული დელეგაციის წევრების შეფასებით, ქვეყნის როლის გაძლიერებასთან ერთად, რეგიონული კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს.
ყაზახეთის პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილს, რეგიონის ქვეყნების სხვა ლიდერებთან ერთად, მწვანე და მდგრადი ტექნოლოგიების საერთაშორისო გამოფენაზეც უმასპინძლა. საგამოფენო პავილიონები მოიცავდა ისეთ თემატურ ექსპოზიციებს, როგორიცაა: ხელოვნური ინტელექტი და ჭკვიანი ქალაქი, ნარჩენების მართვა, გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები, სოფლის მეურნეობა, მწვანე მშენებლობა. ყაზახეთის დედაქალაქში მიმდინარე რეგიონული ეკოლოგიური სამიტი 24 აპრილს დასრულდება.