ჯანდაცვის მინისტრმა უწყებაში ბრიფინგი გამართა. მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ აღნიშნული სინდრომის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს.
"დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ პრეტენზია დაავადების მიმდინარეობის შენელებაზე. აქვე, იმედს გამოვთქვამ და მთელი გულით ვგულშემატკივრობ, რომ ახლო მომავალში ასეთი მედიკამენტი იქნება შექმნილი, რაც უზრუნველყოფს ყველას ჯანმრთელობას", - აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.
მიხეილ სარჯველაძემ EMA-ს 2025 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება წაიკითხა, რომლის მიხედვითაც: "12 თვის შემდეგ პაციენტებში მოძრაობის უნარის გაუმჯობესების ეფექტი არ დადასტურდა პლაცებოსთან შედარებით". მიხეილ სარჯველაძემ ხაზი გაუსვა, რომ ევროპის წამლის სააგენტომ დიუშენის წამლის რეგისტრაციაზე უარი განაცხადა.
მინისტრს ჰკითხეს, რა ვადებში გაეცემა პასუხი იმ ადამიანებს, ვინც ელოდება დიუშენის სინდრომის მქონე პაციენტების მკურნალობისთვის განკუთვნილ მედიკამენტს, რომლის შემოტანასაც დაავადებულთა ოჯახების წევრები ითხოვენ.
"ზუსტად, ან მიახლოებით იმის თქმა, ან პროგნოზის გაკეთება, რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი, ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმ ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, EMA (ევროპის წამლის სააგენტო), ბევრი სხვა დაწესებულება, რომელსაც ერთმნიშვნელოვნად გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვთ კვლევითი, თუ სხვა მიმართულებით, ვიდრე საქართველოს შეიძლება ჰქონდეს. ამიტომაც არის ლოგიკური, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილებისას მხედველობაში ვიღებთ იმას, თუ როგორია მედიკამენტის გამოყენების პრაქტიკა განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოებში. თუმცა აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას და კომუნიკაციას შესაბამის დაწესებულებებთან, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ პასუხი კითხვებზე", - აღნიშნა სარჯველაძემ.