18 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
ტრამპის განცხადებით, ირანთან მისი შეთანხმება "ბევრად უკეთესი" იქნება, ვიდრე ობამას დროინდელი დოკუმენტი - CNN

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან პოტენციური შეთანხმება "გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე JCPOA". როგორც CNN-ი წერს, ტრამპს მხედველობაში ჰქონდა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ თეირანთან დადებული ბირთვული შეთანხმება.

"ირანთან ჩვენს მიერ დადებული შეთანხმება გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე JCPOA, რომელსაც ჩვეულებრივ "ირანის ბირთვულ შეთანხმებას" უწოდებენ და რომელიც ბარაკ ჰუსეინ ობამამ და ჯო ბაიდენმა შეადგინეს. ის ჩვენი ერის უსაფრთხოების კუთხით, ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შეთანხმება იყო", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და აღნიშნა, რომ მისი მიდგომა თეირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში ხელს შეუშლის, რაც უფრო ფართო რეგიონულ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ტრამპმა ასევე მიუთითა ირანული აქტივების გათავისუფლებაზე, წარსულ ფინანსურ ტრანსფერებზე და მიანიშნა, რომ მისი ადმინისტრაციის დროს ნებისმიერი შეთანხმება განსხვავებული იქნებოდა სტრუქტურითა და შედეგით. პარასკევს CNN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს 20 მილიარდი დოლარის ირანული აქტივების გათავისუფლებას, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ობამას მიერ ამ შეთანხმებით დამტკიცებულ თანხას.

"ეს იყო ბირთვული იარაღისკენ მიმავალი გარანტირებული გზა, რაც არ მოხდება და არც შეიძლება მოხდეს იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. გარდა ამისა, ირანს ასობით მილიარდი დოლარი გადაუხადეს. მე რომ ეს "შეთანხმება" არ შემეწყვიტა, ბირთვული იარაღი გამოყენებული იქნებოდა ისრაელის და მთელი ახლო აღმოსავლეთის, მათ შორის, ჩვენი საყვარელი ამერიკული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ 2015 წელს, ობამას დროს მიღწეული შეთანხმება, სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ ირანის ბირთვული პროგრამის შეზღუდვას ისახავდა მიზნად. ის მოიცავდა ცენტრიფუგებისა და ურანის მარაგების შემცირებას, ასევე საერთაშორისო ინსპექტირებას. ტრამპმა შეთანხმება 2018 წელს გააუქმა.

დღის ამბები