ჰორმუზის სრუტის ხელახლა ჩაკეტვის შემდეგ, სრუტეს ახლა თეირანის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ. რამდენიმე საათის წინ, ირანმა ცეცხლი გაუხსნა ახლოს მდებარე დიდი ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერს. ირანი აცხადებს, რომ მათი თანხმობის გარეშე ვერცერთი გემი სრუტეში ვერ გაივლის და ის ჩაკეტილი იქნება მანამ, სანამ შტატები ირანული გემებისთვის ნავიგაციის თავისუფლებას სრულად არ აღადგენს.
ირანის უზენაესი ლიდერის განცხადებით, თეირანის სამხედრო საზღვაო ფლოტი სრულ მზადყოფნაშია, რათა მოწინააღმდეგეს დაამარცხოს.
სრუტე თითქმის 24 საათის განმავლობაში გახსნილი იყო. დილით, მისი განმეორებით ჩაკეტვა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას მოჰყვა. დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადას განაგრძობს და, თუ მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგება, მოსალოდნელია, კონფლიქტი განახლდეს. მისივე თქმით, ამერიკა ირანში შევა და გამდიდრებულ ურანს წამოიღებს.
დონალდ ტრამპის განცხადებას მწვავე კრიტიკით გამოეხმაურა ოფიციალური თეირანი. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესპიკერმა განცხადებას ტყუილი უწოდა.
პარალელურად, ლიბანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების შემდეგ, მოსახლეობა მასობრივად უბრუნდება ბეირუთში, კონფლიქტის დროს მიტოვებულ სახლებს. ამასთანავე, აქტიურად მიმდინარეობს დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაც. ლიბანის პრეზიდენტის განცხადებით, ის მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რათა აღდგეს ლიბანის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.
პაკისტანში, ვაშინგტონისა და თეირანის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის ემზადებიან. სავარაუდო თარიღი 20 აპრილია. თუმცა თეირანში აცხადებენ, რომ შეთავაზებაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ.
ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 15-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ვადა ეწურება. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება კი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
ავტორი: თამთა ნაკუდაიძე