ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი შტატებში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ.
გაიმართება შეხვედრები საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან და მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან.
ნათია თურნავა და ლაშა ხუციშვილი შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების ჯიპი მორგანისა და Bank of America-ს ინვესტორებს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაშიც.
"გვექნება საუბარი საქართველოს ეკონომიკაზე, მის ბოლო მდგომარეობაზე, მის მედეგობაზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის მართვაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ისეთ დროს ხდება ეს შეხვედრა, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა, ახალი გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რაც გადაეცემა გლობალურ ეკონომიკას და სავარაუდოდ, ნაწილობრივ მაინც გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას. მაგრამ, კარგი არის, რომ ჩვენ მომზადებულები ვხვდებით ამ ახალ შოკს, იმიტომ რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური მდგომარეობა, გვაქვს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა. და ერთობლივად შევძლებთ, ვიმსჯელოთ, რა არის საუკეთესო დახვედრა ამ ახალი გამოწვევების, იმისთვის, რომ მინიმალური ეფექტი იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა.