ისტორიული შედეგი და მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზური - უკვე მეორედ, საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს თასის დასკვნით ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა და 8 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა. ქართველმა წყალბურთელებმა ეს წმინდა სპორტული შედეგის ხარჯზე შეძლეს, რადგან პირველად ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირზე, მასპინძლის რანგში ითამაშეს. სუპერფინალის საგზური ნაკრებმა მალტაში მიმდინარე მსოფლიო თასის შესარჩევ ტურნირზე გერმანიის დამარცხებით მოიპოვა და საერთაშორისო აღიარებაც დაიმსახურა.
"ჩერნოგორიისა და საქართველოს ტრიუმფი; საგზურები სიდნეიში" - ასე დაასათაურა ნახევარფინალებისადმი მიძღვნილი სტატია წყალბურთის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდმა და ვრცელ განცხადებაში აღნიშნა რომ ქართველებმა გერმანიის გუნდს ქანცი გააცალეს, საფინალო სასტვენისას კი ტაბლოზე 19-ით 13 დაფიქსირდა საქართველოს სასარგებლოდ. მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე 8 უძლიერეს ნაკრებს შორის ასპარეზობა ქართველი წყალბურთელების მიერ მოხდენილი ნამდვილი სენსაციაა, რადგან სიდნეის საგზურები ვერ მოიპოვეს ისეთმა გუნდებმა როგორებიცაა-ბოლო სამი ოლიმპიადის ოქროს მედალოსანი სერბეთი, ნიდერლანდები, რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და შეერთებული შტატები. ამ წუთებში კი საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მონტენეგროს ხვდება.