ქრისტიანული სამყაროს უდიდეს დღესასწაულზე ზეციურ სასწაულს ერი და ბერი მდუმარებაში ელის…
მდუმარებაშია კუვუკლიაში მარტო მყოფი იერუსალიმის პატრიარქი... ტაძარში სიბნელეა.
სიბნელეს ნათელი შეცვლის, მდუმარებას კი მალევე ხმაური და შეძახილები ჩაანაცვლებს. ცეცხლი ტაძარში სწრაფად გავრცელდება.
ზეციური ცეცხლი, რომელსაც მორწმუნეები ჭეშმარიტების ნათელს უწოდებენ, იესო ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.
დიდ შაბათს, გარდაუვალი აღდგომის მოლოდინია… როცა წმინდა ქალაქში შემოსასვლელი ყველა კარიბჭე დაიკეტება, მაცხოვრის ტაძრის კარი იღება.
მორწმუნეები კუვუკლიის გარშემო იკრიბებიან. უფლის საფლავი ცვილის ბეჭდით ილუქება. ტაძარში სიჩუმეს მხოლოდ მართლმადიდებელი არაბები არღვევენ. ჩვენი რწმენა მართალია - გაიძახიან ერთმანეთის მხარდამხარ შემომსხდარი ახალგაზრდები და დაფდაფებზე დაკვრით ტაძარს გარს უვლიან.
იერუსალიმის პატრიარქი თეოფილოს მესამე კუვუკლიაში შესვლამდე განიმოსება და იქ კვართის ამარა შევა.
ქრისტე აღდგა! - ამ სიტყვებს მართლმადიდებლები წელს ერთმანეთს კიდევ ერთხელ ეტყვიან და ამით მორწმუნე ქრისტიანები კიდევ ერთხელ შეახსენებენ სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების საკაცობრიო ამბავს.
ყოველი წლის დიდ შაბათს ამ ადგილას ათასობით მორწმუნე იკრიბება, მაგრამ აღდგომის ტაძრის სიახლოვეს მომხდარი ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო უსაფრთხოების წესები წელს გამკაცრებულია, ტაძარში მყოფი ადამიანების რაოდენობა კი უჩვეულოდ შეზღუდული.
წელს პილიგრიმების ლოცვაც სხვანაირია - ლოცვა ზავის პირობებში, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის კარიც დღესასწაულამდე ორი დღით ადრე იღება.
წმინდა მიწაზე მყოფი ადამიანები წელსაც იმეორებენ ჯვარცმის გზას, გზას, რომელიც ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელ დღეებს აცოცხლებს.
გზა, რომელსაც წმინდა მიწაზე წითელ პარასკევს ყველა კონფესიის ადამიანი გადის. ვია დოლოროსა - ასე ჰქვია იერუსალიმში 600 მეტრიან მონაკვეთს, რომელიც კაცობრიობის ცოდვებით დამძიმებულმა ქრისტემ 2000 წლის წინ ჯვარცმამდე გაიარა. მორწმუნეები იმ ადგილებში, სადაც მაცხოვარმა ჯვარზე გაკვრამდე შეისვენა,14-ჯერ ჩერდებიან.
სანამ კალენდარზე დიდი დღესასწაული მოინიშნება, ქრისტიანები დიდმარხვაში არიან, გამუდმებით ლოცულობენ. განსაკუთრებით მძიმეა მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეული. იესოს ვნების გზაა, როცა მორწმუნეები გოლგოთას გადიან. იხსენებენ ყველა იმ ეპიზოდს, რაც სახარების მიხედვით მაცხოვარს გადახდა.
სახარების თანახმად, ღვთისმშობელი მარიამისგან უბიწოდ შობილი ქრისტე, პარასკევს, ებრაელთა პასექის დღესასწაულზე, გოლგოთაზე ჯვარზე გააკრეს. ეს ნებისმიერი მორწმუნისთვის უდიდესი მწუხარების დღეა. მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტაძარში მიდიან, სრულდება გარდამოხსნის წესი და დატირების რიტუალი.
გლოვას, მალე სიხარული ჩაანაცვლებს. კვირას მაცხოვარი მკვდრეთით აღდგება და "სიკვდილით სიკვდილი დაითრგუნება".
ერი და ბერი სიონის საპატრიარქო ტაძარში შეიკრიბება. ქართველი მორწმუნეებისთვის წელს აღდგომის დღესასწაული გლოვაში სიხარულს ჰგავს, მწუხარე ბედნიერებას, ერთმანეთს დღესასწაულს პატრიარქის საფლავთან ულოცავენ.
აქ, პატრიარქის საფლავთან სააღდგომო ლიტურგიაზე შეკრებილი მრევლისთვის, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვების საკაცობრიო ამბავი კიდევ ერთხელ გაცოცხლდება.
თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში პირველად, საქართველო აღდგომას ილია მეორის გარეშე ხვდება, პატრიარქის გარეშე, მაგრამ პატრიარქის მიერ აღდგენილი საეკლესიო ტრადიციებით.
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი საქართველოში პირველად სწორედ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 1995 წელს ჩამოიტანეს, წელს კი ახლო აღმოსავლეთში ომის მიუხედავად, ისრაელში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სპეცრეისი მაინც შესრულდა.
წმინდა ცეცხლის მოლოდინში მორწმუნეები სააღდგომო ლიტურგიას ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში ესწრებოდნენ. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო სიონის საპატრიარქო ტაძარში.
აღდგომის დღესასწაული სიონის ტაძარში მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ მიულოცა, ეპისტოლეში კი პატრიარქის ფასდაუდებელ ღვაწლსა და ერის ერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
დააფას, ილია მეორე - პატრიარქი, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი სიცოცხლე შთაბერა. უწმინდესი, რომელიც გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს ერის მოქცევას. მოსაყდრის სააღდგომო ეპისტოლეში სიტყვა ერთობაც რამდენჯერმეა ნახსენები.
პატრიარქმა აღდგომის უკანასკნელი მსახურება სამების ტაძარში გასულ წელს აღასრულა, როცა მთელი ერი დალოცა.
მაცხოვრის აღდგომა ბოროტებაზე - სიკეთის გამარჯვების დღე, საქრისტიანოს უდიდესი დღესასწაულია, რომლის არსი ყოველთვის იყო და დარჩება იგივე: ისე, როგორც მორწმუნეებს სწამთ, ქრისტემ თავისი მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და გაგვიხსნა ზეცის კარი, საუკუნო სიცოცხლისკენ.