აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანის დედაქალაქში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. თეირანმა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ მტკიცე გარანტიების გაცემაზე უარი განაცხადა. ამავდროულად, ისლამური რესპუბლიკა მსოფლიოს უმთავრეს ენერგეტიკულ დერეფანზე, ჰორმუზის სრუტეზე სრულ კონტროლს ითხოვს.
ირანული მედიის მტკიცებით, დიალოგი ვაშინგტონის "უსაფუძვლო მოთხოვნების" გამო ჩაიშალა. ამერიკული დელეგაციის განცხადებით კი, მათ მკაფიოდ ჩამოაყალიბეს საკუთარი "წითელი ხაზები", თუმცა თეირანი შეთავაზებულ პირობებს არ დათანხმდა.
ისლამაბადში გამართულ შეხვედრებზე ამერიკულ მხარეს ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენდნენ, ირანის დელეგაციას კი პარლამენტის სპიკერი, მოჰამად ბაგერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი ხელმძღვანელობდნენ.
პარალელურად, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის მოხსნის ოპერაცია დაიწყეს. სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო მარშრუტი აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ორმა ნაღმოსანმა - "ფრენკ პიტერსონმა" და "მაიკლ მერფიმ" უკვე გაიარა. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მონაცემებით, ხომალდები სპარსეთის ყურეში ფართომასშტაბიანი მისიის ფარგლებში მოქმედებენ, რაც სრუტის საზღვაო ნაღმებისგან სრულ გაწმენდასა და უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენას ითვალისწინებს.
"ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე განაგრძობს მუშაობას რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. აუცილებელია, მხარეებმა კვლავაც დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულება. პაკისტანი ასრულებდა და შეასრულებს თავის როლს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩართულობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. თავდაცვის ძალების უფროსი და არმიის მთავარსარდალი, მხარეებს რამდენიმე რაუნდის ინტენსიური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვაში დაეხმარა", - აცხადებს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი ისჰაკ დარი.