საბერძნეთის კუნძულ ქიოსზე, სოფელ ვრონტადოსის მცხოვრებლებმა, მართლმადიდებლური აღდგომა ტრადიციული სანახაობით - "სარაკეტო ომით" აღნიშნეს. ადგილობრივებმა სააღდგომო ლიტურგიის დროს 20 000-ზე მეტი ხელნაკეთი ფოიერვერკი გაისროლეს. ორ მეტოქე ტაძარს შორის სიმბოლური პაექრობა სათავეს მე-19 საუკუნიდან იღებს, როდესაც ოსმალეთის მმართველობის პერიოდში ადგილობრივები აღდგომის დღესასწაულს ზარბაზნების სროლით აღნიშნავდნენ.
მორწმუნეები აღდგომას აღნიშნავენ ბეთლემშიც, სადაც ეს დღესასწაული განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ქალაქის ვიწრო ქუჩებში ასობით ქრისტიანი პალესტინელი და მომლოცველი იკრიბება, რათა საზეიმო მსვლელობით იერუსალიმიდან ჩამობრძანებულ წმინდა ცეცხლს შეეგებოს.
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლი ათენში გუშინ საღამოს ჩააბრძანეს. უსაფრთხოების მკაცრი ზომების დაცვით, მრავალწლიანი მართლმადიდებლური ტრადიცია უცვლელად შესრულდა.