18 ივნისი 2026,   18:09
ვრცლად
მოლაპარაკებების ეს რაუნდი უნდობლობით სავსე ატმოსფეროში გაიმართა. არარეალური იქნებოდა მოლოდინი, რომ შეთანხმებას ერთ სესიაში მივაღწევდით - ირანის საგარეო უწყების სპიკერი

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, ესმაილ ბაღაი, პაკისტანში გამართულ მრავალსაათიან მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, მიუხედავად პროგრესისა, რამდენიმე საკვანძო საკითხზე მხარეებს შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

"რეალობა ისაა, რომ ჩვენ მთელ რიგ საკითხებზე ურთიერთგაგებას მივაღწიეთ, თუმცა ორ-სამ საკვანძო თემასთან დაკავშირებით პოზიციები მკვეთრად განსხვავებული აღმოჩნდა, რამაც, საბოლოო ჯამში, შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი გახადა. ეს არის ის აქტუალური სტატუსი, რაც შემიძლია ამ ეტაპზე გაგიზიაროთ.

მოლაპარაკებების ეს რაუნდი 40-დღიანი თავსმოხვეული ომის დასრულებიდან და ცეცხლის შეწყვეტიდან სულ რამდენიმე დღეში, უნდობლობითა და მტრული განწყობით აღსავსე ატმოსფეროში გაიმართა. ბუნებრივია, თავიდანვე არარეალური იქნებოდა მოლოდინი, რომ შეთანხმებას ერთ სესიაში მივაღწევდით.

ამჯერად დღის წესრიგს რამდენიმე ახალი თემა დაემატა, მათ შორის, ჰორმუზის სრუტისა და სპარსეთის ყურის რეგიონის საკითხები. მიუხედავად სირთულეებისა, ჩვენ, როგორც დიპლომატიურმა აპარატმა, ყველა ვითარებაში უნდა განვაგრძოთ ძალისხმევა ირანელი ხალხის უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად. დიპლომატიური პროცესი არასოდეს სრულდება - ის მუდმივად რჩება ეროვნული ინტერესების დაცვის უმთავრეს ინსტრუმენტად", - აცხადებს ესმაილ ბაღაი.

 

ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები