აღდგომის ღამეს მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, ხვალ და ზეგ კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება დღეს საღამოს 11 საათიდან - დილის 4 საათამდე.
დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, 12-13 აპრილს დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტიც. ავტობუსები მგზავრებს დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე მუხათგვერდის, ვაშლიჯვრის, კუკიის, ახალი კუკიის, მახათას, საბურთალოს, ღრმაღელის, ველისა და ვარკეთილის სასაფლაოების მიმართულებით გადაიყვანენ. საზოგადოებრივი ტრანსპორტის სპეციალური მარშრუტები იმოძრავებს მეტროსადგურებიდან: „მარჯანიშვილი“, „დელისი“, „სარაჯიშვილი“, „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, „დიდუბის“ ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან და ვარკეთილის III მასივიდან - შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან.
აღნიშნული მარშრუტების ავტობუსებით მოქალაქეები ორი დღის განმავლობაში უფასოდ ისარგებლებენ.
"სპეციალური მარშრუტები გავლენ შემდეგი მეტროსადგურების მიმდებარე ტერიტორიებიდან: სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი, დელისი, ვარკეთილი, ასევე მეტრო დიდუბის ზედა გასასვლელიდან, ასევე ვარკეთილში მესამე მასივიდან და ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეციალური მარშრუტები შესაბამისი სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებენ.
აღნიშნული გახანგრძლივებული დროით, როგორც მეტროპოლიტენით მგზავრობა, ასევე ჩამოთვლილი სპეციალური მარშრუტებით მგზავრობა, იქნება უფასო დილის 8 საათიდან, საღამოს 8 საათამდე,"- აცხადებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსის მოადგილე დავით ჯანაშია.