08 აგვისტო 2026,   06:41
ვრცლად
წითელი პარასკევი - სამების საკათედრო ტაძარში მსახურება პატრიარქის მოსაყდრე შიომ აღავლინა და შეკრებილ მრევლს მიმართა

"წითელი პარასკევი" - ყველაზე მძიმე დღე მართლმადიდებლური სამყაროსთვის. ეს არის დღე, როდესაც იესო ქრისტე ჯვარს აცვეს. დღე, როდესაც ტაძრებში არ აღესრულება წირვა. სრულდება მხოლოდ სამეუფეო ჟამნი. საგალობლები - გარდამოხსნის ტრადიციული წესის დროს ქრისტეს ჯვარცმას ასახავს.

ტაძრის ცენტრალურ ნაწილში გამოტანილია სპეციალური სადგამი, საგანგებოდ მოხატული ქსოვილით, რომელზეც მაცხოვარია გამოსახული. მორწმუნეები მის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ.

ვნების შვიდეულის პარასკევს ღვთისმსახურება ქვეყნის მასშტაბით ყველა მოქმედ ტაძარში ტარდება. ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. მსახურების მთავარი ნაწილი დღის ორი საათიდან დაიწყო- სიმბოლურად იმ დროს, როდესაც მაცხოვარი მიიცვალა.

სამების საკათედრო ტაძარში მსახურება პატრიარქის მოსაყდრემ აღავლინა. მეუფე შიომ შეკრებილ მრევლს მიმართა. განაცხადა, რომ ადამიანის შინაგანი ცვლილება მხოლოდ უფლის ნებითაა შესაძლებელი.

მორწმუნეებისთვის წითელი პარასკევი ადამიანის სულის ხსნისთვის გაღებული თავგანწირვის სიმბოლოა. ეს დღე მზადებაა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულისთვის. სააღდგომო ლიტურგია ხვალ, დიდ შაბათს,სიონის საკათედრო ტაძარში ჩატარდება. მსახურებას მეუფე შიო აღავლენს.

დღის ამბები