06 აგვისტო 2026,   14:51
ვრცლად
ვეცადოთ უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვმონაწილეობდეთ ევქარისტიის საიდუმლოებაში. ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის, ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენს გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც - მეუფე შიო

დღეს დიდი ხუთშაბათია - განსაკუთრებული დღე ვნების შვიდეულში. ტაძრებში დილიდან ლიტურგია სრულდება. იკითხება 12 გზის სახარება. მსახურებას სამების საკათედრო ტაძარში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს. სახარების მიხედვით, სწორედ ამ დღეს, იესო ქრისტემ მოწაფეებთან ერთად ბოლო პასექი და ფერთბანვის რიტუალი შეასრულა და მოწაფეები პირველად აზიარა.

სამების ტაძარში ღვთისმსახურება დღეს პატრიარქის მოსაყდრემ აღასრულა. მეუფე შიომ წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ შეკრებილ მრევლს ქადაგებითაც მიმართა, სადაც მან გაამახვილა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე. დიდი ხუთშაბათი, რომელიც არის მნიშვნელოვანი დღე ვნების კვირეულში. მან ასევე ისაუბრა ევქარისტიის მნიშვნელობაზეც და თქვა, რომ როდესაც ადამიანი შესაბამისი ცხოვრებით ცხოვრობს, იღებს ზიარებას, ის არის თანაზიარი უფლისა. მოუწოდა შეკრებილებს ისიც, რომ ხშირად მიიღონ მონაწილეობა ზიარებასა და ევქარისტიის საიდუმლოში.

"ევქარისტია ნიშნავს მადლიერებას. მადლიერების მსხვერპლი დააწესა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ საიდუმლო სერობაზე, როდესაც თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა და ამით გვიჩვენა სიმდაბლის მაგალითი. ევქარისტიის საიდუმლოს ასევე ეწოდება წმინდა ზიარების საიდუმლოება, იმიტომ, რომ ამ დროს სრულდება ყველაზე მჭიდრო კავშირი ღმერთსა და სამყაროს შორის, უმჭიდროესი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, იმ ადამიანს შორის, რომელიც სათანადოდ ცხოვრობს. ჩვენ ერთმანეთსაც ერთი-მეორეს ვეზიარებით, რამე თუ ერთი პურიდან ვიღებთ ზიარებს. აი, როგორი საოცარი რამ ხდება, აი, რატომ ეწოდება ამას საიდუმლოება. მადლობა და დიდება უფალს ამ წყალობისთვის, სიყვარულისთვის, ვეცადოთ უფრო ხშირად, უფრო აქტიურად ვიმონაწილეოთ ევქარისტიის საიდუმლოებაში. ჩვენი სულის ცხონებისთვის, ფერისცვალებისთვის, ჩვენს საცხოვნებლად, ჩვენს გადასარჩენად ამ ცხოვრებაშიც და მარადისობაშიც, ამინ. ჩვენთან არს ღმერთი", - აცხადებს სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, ქორეპისკოპოსი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო (მუჯირი).

დღის ამბები