"ჩვენ დაგეგმილი გვაქვს ვიზიტი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სხდომაზე. აქ საუბარი იქნება იმ მიღწევებზე, რაც აქვს საქართველოს საჯარო მმართველობისა და საჯარო სერვისების განხორციელების მიმართულებით," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერის" ეთერში.
საუბარია ვიზიტზე, რომელიც აშშ-ში, 14-18 აპრილს არის დაგეგმილი.
"მოგეხსენებათ, წლების განმავლობაში საქართველომ უკვე დაიმკვიდრა საერთაშორისო ასპარეზზე ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის სახელი, - სწორედ ამის საფუძველზე, წელს, საქართველოში გაიმართება გაეროს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმი, სადაც 500-ზე მეტი საერთაშორისო დელეგატი იქნება მოწვეული. ეს ვიზიტიც, გარკვეულწილად, ემსახურება ამ ღონისძიების პოპულარიზაციას. ამ ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ გვექნება შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან.
ასევე, გავმართავთ ღონისძიებას, სადაც ვისაუბრეთ იმ მიღწევებზე, რაც ბოლო წლებში აქვს საქართველოს საჯარო სერვისების განხორციელების ფარგლებში. საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელმაც შეძლო, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მოეხდინა საჯარო, მაღალი ხარისხის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. იუსტიციის სახლებმა, რომლებიც გასცემენ საჯაროს სერვისებს, თითქმის მთლიანად მოიცვა საქართველო და თითქმის ყველა ადმინისტრაციული ერთეულში გვაქვს იუსტიციის სახლი დღეს. ამ მიღწევებზე, ასევე, იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც აქვს იუსტიციის სამინისტროს ციფრული ტრანსფორმაციის ნაწილში, ამაზე გვექნება საუბარი ამ ღონისძიებაზე," - განაცხადა პაატა სალიამ.