ტექნიკურ ცვლილებაზე ბერლინის უარი, თბილისში ლეგიტიმურ ეჭვებს აჩენს. ფაქტი, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, საგარეო უწყების ხელმძღვანელად კი ილია დარჩიაშვილია მითითებული, მმართველ ძალას კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ ბერლინის მიზანი, თბილისში რადიკალური პროცესების წახალისებაა.
სახელისუფლებო გუნდის ეჭვი მას შემდეგ გამყარდა, რაც სხვა ქვეყნების, მათ შორის რუსეთისა და სირიის შემთხვევაში ინფორმაცია დაუყოვნებლივ განახლდა, თბილისის მოთხოვნები კი რეაგირების გარეშე დარჩა. მონაცემების ცვლილება ჯერ გერმანიაში საქართველოს საელჩომ, შემდეგ კი საგარეო უწყებამ ორჯერ ვერბალური ნოტით მოითხოვა. ამის შესახებ ქვეყნის პირველი დიპლომატი, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი შატაკიშვილის სადეპუტატო კითხვის პასუხში წერს. მაკა ბოჭორიშვილის წერილში ვკითხულობთ, რომ გერმანულ მხარეს მკაფიოდ და არაერთხელ განემარტა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი კი მაკა ბოჭორიშვილია.
დიპლომატიური კორესპონდენციის განხილვის 4 კვირიანი ვადა, 4 აპრილს ამოიწურა, მონაცემები უცვლელი დარჩა, ამიტომ თბილისიდან, ბერლინში ინფორმაციის განახლების ოფიციალური მოთხოვნა კიდევ ერთხელ, უახლოეს დღეებში გაიგზავნება. ვიდრე ფედერალური მთავრობა დუმს, მას პროვოკაციაში ადანაშაულებს, გერმანიის ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის", რომელიც ბრიუსელისა და ბერლინის მხრიდან, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაზე უკვე დიდი ხანია ღიად საუბრობს.
საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის ნაცვლად, ქართული ოპოზიციური სპექტრი დღეს ისევ გერმანიის ინტერესების დამცველთა რიგებში ჩადგა. ხელისუფლების ოპონენტები, საქართველოს ხელისუფლების შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას, ხან ტექნიკურ და უმნიშვნელო საკითხად განიხილავდნენ, ხან კი საქართველოს მიმართ გერმანიის მთავრობის მხარდაჭერაზე მიუთითებდნენ.
მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის ეს დამოკიდებულებაც ისეთივე მტრული და უპასუხისმგებლოა, როგორიც გერმანიის საგარეო უწყების ქმედება და გერმანელი დიპლომატის დუმილი საქართველოში. პეტერ ფიშერის, რომელიც ხელისუფლებაზე მუდმივი იერიშებითა და ოპონენტების რადიკალური ქმედებების წახალისებითაა დაკავებული.
რატომ არ რეაგირებს, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საგარეო უწყების მიერ გაგზავნილ ნოტაზე? - კურიერმა ამ კითხვით გერმანიის საელჩოს მიმართა. თუმცა პეტერ ფიშერი ამ დრომდე დუმს და არ პასუხობს რუსთავი ორის შეკითხვას, რატომ არ მოხდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესახებ ინფორმაციის განახლება, ისე როგორც ეს სხვა ქვეყნების შემთხვევაში იყო.