03 აგვისტო 2026,   18:27
ვრცლად
საქალაქო სასამართლო "ქურდული სამყაროს" წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე დაკავებული 37 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ქურდული სამყაროს" წევრობის, საქმიანობის მხარდაჭერის და მიმართვის ფაქტებზე დაკავებული 37 პირის სასამართლო პროცესი იმართება.

საქმის პროკურორის, ნუგზარ ჭიტაძის განცხადებით, პროცესზე განიხილება ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სეფარდების შუამდგომლობა.

"თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს შუამდგომლობას ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. მათ ბრალდება ედავება ქურდული სამყაროს წევრობას, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერას, ასევე, ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვას. საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებისას მოპოვებული აუდიომასალა, რითაც დასტურდება თითოეული ბრალდებულისთვის ბრალად წარდგენილი ქმედება. დანაშაულებრივი ქმედებები აღწერილია ფარულ აუდიო-ვიდეო მტკიცებულებებში, რაც ჩამოყალიბებულია ბრალდების დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. კანონიერ ქურდებთან, აწყობდნენ "ქურდულ გარჩევებს" და მხარეებს შორის არსებულ სხვადასხვა სახის დავებს განიხილავდნენ.

სამართალდამცველებმა 44 პირი დააკავეს, ხოლო 6-ს პირს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა.

დღის ამბები