07 აგვისტო 2026,   07:14
ვრცლად
გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ არის ფარული დღის წესრიგი, რათა რადიკალური პროცესები იყოს წახალისებული საქართველოში - ლევან მახაშვილი გერმანიის საგარეო უწყებაზე

"ჩვენ გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ არის სხვა ფარული დღის წესრიგი და რეალური მიზანი, რომ რაღაც რადიკალური პროცესები იყოს წახალისებული საქართველოში," - ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა, რითაც გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მახაშვილის თქმით, სასურველია, რომ ინფორმაცია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე მალევე განახლდეს, რათა ყველანაირი კითხვის ნიშნები მოიხსნას.

"ვისურვებდი, რომ ეს ყოფილიყო მხოლოდ ტექნიკური ხარვეზი და უახლოეს მომავალში გამოსწორებულიყოს ეს პრობლემა. იცით, რომ მივმართეთ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, მაგრამ, ჯერჯერობით ვებგვერდზე კვლავ ძველი ინფორმაცია დევს. ამიტომ, ჩვენ გვიჩნდება ლეგიტიმური კითხვები, რომ არის სხვა ფარული დღის წესრიგი და რეალური მიზანი, რომ რაღაც რადიკალური პროცესები იყოს წახალისებული საქართველოში. სხვა შემთხვევაში, ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ მიზეზს იმისა, თუ რატომ არ გამოსწორდა აქამდე, ან რატომ არ უნდა მოხდეს უახლოეს დღეებში ამ ინფორმაციის გასწორება. ამ კითხვას საუკეთესოდ პასუხი გაეცემა იმით, თუ უახლოეს დღეებში ეს ინფორმაცია განახლდება," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ისევ არ აახლებს ოფიციალურ ვებგვერდზე მონაცემებს, სადაც საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი წერია. ამ თემაზე მაკა ბოჭორიშვილს ირაკლი შატაკიშვილმა სადეპუტატო შეკითხვით მიმართა. მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ გაგზავნილია ნოტა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში. უწყებასთან კომუნიკაცია ჰქონდა საქართველოს საელჩოსაც, თუმცა საქართველოს შესახებ მონაცემები ვებგვერდზე ისევ არ იცვლება, მაშინ როდესაც განახლება მარტში შეეხო რუსეთს და სირიას.

დღის ამბები