მთავრობის გადაწყვეტილებით, პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება ბიზნესთან კონსულტაციის შემდეგ მიიღეს.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რომ 4 წელი გონივრული ვადაა იმისთვის, რომ პლასტიკის მოხმარების პრობლემა მოგვარდეს.
“მოიძებნა კომპრომისული გადაწყვეტილება, რისთვისაც მადლობელი ვართ, რომ არის გონივრული ვადა. ერთი მხრივ, კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი ბიზნესოპერაციები ამ ვადებში შესაძლებლობის შესაბამისად გადააწყონ, რომ ეს არ იყოს საბოლოო ტვირთი მომხმარებლისთვის. მეორე მხრივ, ერთად უნდა ვიმუშაოთ პლასტიკის მოხმარებაზე, იცით, რომ ბოთლები ეს არის 10% პლასტიკის, რომლითაც ზიანდება გარემო. ამიტომ აქაც, ამ ნაწილშიც არის საკმარისი დრო, რომ შესაფუთი მასალები პლასტიკის ნაწილში და ა.შ. ამოქმედდეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და სრულად მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება", - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე .