ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ირანმა აშშ-სთან პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს.
მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მოჰყვა დონალდ ტრამპის მუქარას, რომლის თანახმადაც ის ირანის "მთელი ცივილიზაციის" განადგურებით დაემუქრა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე შუამავლების მეშვეობით კვლავ გრძელდება.
ოფიციალური პირების თქმით, ამ ნაბიჯმა დროებით გაართულა შეთანხმების მიღწევის მცდელობები ტრამპის მიერ დაწესებულ ვადამდე, თუმცა მოლაპარაკებები არ შეწყვეტილა.
ერთ-ერთი ოფიციალური პირის განმარტებით, კომუნიკაციის გაწყვეტით ირანმა უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნა გადაწყვიტა. ჯერჯერობით უცნობია, განახლდება თუ არა პირდაპირი დიალოგი დაწესებული ვადის ამოწურვამდე.