მოსმენა ჰააგაში გაიმართა - საქართველოს შესახებ კრიტიკული გზავნილები ესტონეთში გადარეგისტრირებულმა ეკა გიგაურმა და მისმა კოლეგებმა, ამჯერად ნიდერლანდების პარლამენტში გაახმოვანეს. ახსენეს დემოკრატიის უკუსვლა, რუსული კანონები და პოლიტპატიმრები. მოითხოვეს სანქციების დაწესება. უცხო ქვეყნის პარლამენტში ქართველი NGO-ების გამოსვლა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახდენს მკაფიო ლუსტრაციას - თუ ვის ინტერესებს ემსახურებიან და რა მიზნები ამოძრავებთ საქართველოს წინააღმდეგ მიცემული მორიგი ჩვენების უცვლელ ავტორებს.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" დირექტორმა და "სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელმა სანქციებს საპროტესტო აქციის მონაწილეების დახმარება და მხარდაჭერა უწოდეს. ეკა გიგაურმა და გიორგი რუხაძემ საერთაშორისო საზოგადოებას "ეუთოს მოსკოვის მექანიზმის" ანგარიშის გათვალისწინებისკენაც მოუწოდეს.
ქვეყნის შიგნით განულებულები, ისევ გარე დახმარების ძიებაში - ასე აფასებს კონკრეტული NGO ლიდერების გამოსვლას "ქართული ოცნება". მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ სანქციების დაწესების მოთხოვნა უცხოური ჩარევისა და უსამართლო გადაწყვეტილებებისთვის ფორმალური ლეგიტიმაციის მინიჭებას ემსახურება. სხვა ქვეყნის პარლამენტიდან კი საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მათგან არ უკვირთ.
NGO-ების პოზიციას იცავს და იზიარებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები არ მალავენ, რომ სანქციების დაწესებისთვის თავადაც აქტიურად მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ მოსმენაზე საერთაშორისო აქტორებს მიზნობრივი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდეს, იქვე გამოთქვეს წუხილი, რომ ევროკავშირმა, კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს, სათანადოდ ვერ შენიშნა საქართველოს კურსი. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები არ უკვირთ მათგან, ვინც ქვეყნის ყველა წარმატებას ყველა დროს ხელს უშლიდა.
ნიდერლანდების პარლამენტში მოსმენა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაიმართა, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე პირი ესწრებოდა, მათგან სამი კი სწორედ საქართველოს შესახებ, საქართველოს სახელით საუბრობდა.