საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მედიასთან იმ უმაღლესი დონის შეხვედრებზე ისაუბრა, რომელიც სლოვაკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შედგა.
მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება და მომავალ თვეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სლოვაკეთს ეწვევა.
"გუშინ გვქონდა საქმიანი შეხვედრები - შევხვდით პარლამენტის სპიკერს მის დელეგაციასთან ერთად, ასევე, განვიხილეთ პარლამენტებს შორის ურთიერთობები, რომელიც უფრო ინტენსიური გახდება - ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე შემდეგ თვეს სლოვაკეთს ეწვევა. ჩვენი ურთიერთობების გახშირება უმაღლეს დონეზე ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო მეტად უნდა იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან.
ასევე გვქონდა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრა, ვიცე-პრემიერთან და იქაც განვიხილეთ ის საქმიანი ურთიერთობები, რომელიც ეხება სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებს, თავდაცვას და უსაფრთხოებას, ასევე, გვქონდა საუბარი განათლების მიმართულებით, ახალგაზრდობის თემები იყო წამოჭრილი და კულტურა. ეს ის საკითხებია, რომელსაც დიდი პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობებში და ვიმედოვნებ, რომ ეს ურთიერთობები გახშირდება, მზაობა არის.
გარდა პოლიტიკური თანხვედრისა და საერთო ღირებულებებისა, მნიშვნელოვანია, რომ ძალიან პრაგმატულად და სწორად ფიქრობენ, რომ ჩვენი რეგიონი, რომელიც ამ ეტაპისთვის არის ერთ-ერთი გამორჩეული სამშვიდობო პოლიტიკით, ამ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენს გარშემო ვითარდება, ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ყველასთვის [შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით].
სწორედ გუშინ აღნიშნა თავად პრეზიდენტმა, ბატონმა პელეგრინიმ, რომ წარმოუდგენელია საქართველოს გარეშე შუა დერეფნის განვითარება, აზია-ევროპასთან დაკავშირებადების თვალსაზრისით", - აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.