08 აგვისტო 2026,   17:18
ვრცლად
ბაჩო ახალაიამ სასამართლო პროცესი კვლავ პოლიტიკური მოწოდებისთვის გამოიყენა და ხელისუფლების სასტიკი დამხობა დააანონსა - რა შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში

უცვლელი მოწოდება, უცვლელი ავტორისგან - ბაჩო ახალაიამ საბრალდებო სკამი კვლავ პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დაახლოებით 5-წუთიანი სიტყვით გამოსვლის დროს ყველაზე ხშირად სიტყვა დამხობა გაიმეორა. პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური რეალობის შეცვლის ერთადერთი გზა სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაა, რისთვისაც ის ყველაფერს გააკეთებს. ყოფილი მაღალჩინოსნის სიტყვით გამოსვლის აუდიოჩანაწერი მისმა მეუღლემ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ამ შინაარსის განცხადება ბაჩო ახალაიამ რამდენიმე კვირის წინ, საკუთარ სასამართლო პროცესზე უკვე გააკეთა. რისთვისაც მას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი გზით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებისთვის ბრალიც წარედგინა, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსანი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და კვლავ ხელისუფლების დამხობაზე საუბრობს.

ბაჩო ახალაიას ბრალი სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზეც აქვს წარდგენილი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა არაერთი საგამოძიებო მოქმედების შედეგად, ქრონოლოგიური სიზუსტით წუთებით და წამებით გაშიფრა და დაადგინა, რომ ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერს ინტერნეტ-აპლიკაციით მუდმივ კომუნიკაციაში იყო აქციის ორგანიზატორებთან. გამოძიების ინფორმაციით, სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ხელმძღვანელობდა დისტანციურად ძალადობრივ პროცესებს.

სახელისუფლებო გუნდის წევრები 6 თვის წინ პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ბაჩო ახალიას სიტყვები მორიგი დასტურია იმისა, რომ 4 ოქტომბრის ორგანიზატორების ერთადერთი მიზანი, ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში არეულობის მოწყობა იყო.

თავდაცვის ყოფილ მინისტრის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორის სახელმწიფო ბრალდება ბაჩო ახალაიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.

დღის ამბები