07 აგვისტო 2026,   11:33
ვრცლად
დაკრძალვის დღეებში ჩვენმა ერმა გამოავლინა საოცარი თვისება, ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ და ასეთი ერთობით უნდა ავირჩიოთ ახალი პატრიარქი - დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი

სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, მრევლის ნაკადი არ წყდება. ილია მეორის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდები 40 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სწორედ 40 დღის შემდეგ, დაიწყება მსჯელობა ახალი პატრიარქის კანდიდატურასთან დაკავშირებით. "კურიერის" შეკითხვის საპასუხოდ სასულიერო პირები განმარტავენ, რომ წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება არაუგვიანეს 2 თვის ვადაში, გაფართოებულ კრებაზე უნდა მიიღოს.

ამავდროულად, სასულიერო პირები პატრიარქის ნებასა და 2017 წლის გადაწყვეტილებაზე, მიუთითებენ რომლის თანახმად, უწმინდესმა მიტროპოლიტი შიო მუჯირი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ სიცოცხლეშივე დაასახელა, რათა დასრულებულიყო მსჯელობა - პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით. ეკლესია, კიდევ ერთხელ მოუწოდებს მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, ერთიანობა და დაელოდონ მღვდელმთავრების გადაწყვეტილებას.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი ამბობს, რომ დაკრძალვის დღეებში ქართველმა ერმა საოცრად დიდი ემპათია გამოავლინა.

"ჩვენმა ეკლესიამ მოუწოდა მორწმუნე მართლმადიდებლებს, რომ განსაკუთრებით ფრთხილად, გულდასმით მოეკიდონ ამ დღეებს, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ჯერ ისევ მიმდინარეობს დიდი მარხვა, არ გასულა ჯერ 40 დღე პატრიარქის გარდაცვალებიდან და ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამ, რომ დაკრძალვის დღეებში ჩვენმა ერმა გამოავლინა საოცარი თვისება, მოახდინა განსაკუთრებული კონსოლიდაცია, საოცრად დიდი ემპათია გამოავლინა, ამიტომ ძალიან მოსაფრთხილებელია პირველ რიგში. ამავე ერთობით უნდა მივიდეთ არჩევნებამდე, ამ ერთობას უნდა გავუფრთხილდეთ და ასეთი ერთობით უნდა ავირჩიოთ ახალი პატრიარქი, რომელიც როგორც იცით, პატრიარქის გარდაცვალებიდან 40 დღიდან 2 თვემდე შუალედია, როცა წმინდა სინოდი აირჩევს ახალ კათოლიკოს პატრიარქს." - ამბობს დეკანოზი.

კითხვაზე - რას ნიშნავს კათოლიკოს პატრიარქის გადაწყვეტილება, რომ მან სიცოცხლეშივე დანიშნა მოსაყდრედ მიტროპოლიტი შიო, დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი ამბობს, რომ პატრიარქმა თავის ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას ხაზი მაშინვე გაუსვა.

"კათოლიკოს პატრიარქმა ეს გადაწყვეტილება, გახსოვთ რომ გამოაცხადა ლიტურგიის შემდეგ 2017 წელს, გიორგობა დღეს ქაშვეთში და მან ხაზი გაუსვა ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და დასძინა, რომ წმინდა გიორგიმ ინება ეს. სულიერ სამყაროში ასეა, რომ არა თუ პატრიარქის ბრძანება ან მის მიერ გაცხადებული ანდერძი, არამედ ნებისმიერ სიტყვა შეიძლება იყოს ლოცვა-კურთხევა. ასე რომ თუკი ვინმე ამას მიიჩნევს ლოცვა-კურთხევად, არ უნდა იყოს გასაკვირი, თუმცა, უნდა ვიცოდეთ, რომ სინოდის ნებისმიერი წევრი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ამ არჩევანში და ჩვენ გვმართებს ლოცვა და ღირსეულად ერთობით მისვლა ამ დღემდე, როცა წმინდა სინოდი გამოარჩევს ახალ კათოლიკოს პატრიარქს," - აცხადებს დეკანოზი ნიკოლოზ ტატუაშვილი.

 

 

დღის ამბები