აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, დღეს, სამძიმრის გამოსახატად ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია. აზერბაიჯანის ლიდერმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
როგორც ილჰამ ალიევი სამძიმრის ჩანაწერში აღნიშნავს, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სახით საქართველომ და მთელმა მართლმადიდებელმა სამყარომ დაკარგა ბრწყინვალე სულიერი ლიდერი, მაღალი ზნეობრივი თვისებების მქონე დიდი პიროვნება, რომლის ცხოვრების არსს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ადამიანებს შორის სოლიდარობა, რელიგიებს შორის ურთიერთგაგება და დიალოგი შეადგენდა.
"ილია მეორის ძალისხმევით კიდევ უფრო განმტკიცდა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის მეგობრობა, კეთილმეზობლობა და თანამშრომლობა. მე ყოველთვის სასიამოვნოდ მომაგონდება მასთან შეხვედრები ბაქოსა და თბილისში", - ნათქვამია ილჰამ ალიევის სამძიმრის ჩანაწერში.
შეგახსენებთ, 18 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა.