თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დღეს პროკურატურას საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმართავს.
ადვოკატის დიმიტრი ხაჩიძის განცხადებით, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება შეთანხმების გარეშე არ ხდება - "საპროცესო შეთანხმების კონკრეტულ პირობებზე ჯერ ჩვენ არ გვისაუბრია - არც პროკურატურასთან და არც მე მისაუბრია მასთან. მე აქედან მივდივარ პენიტენციურ დაწესებულებაში, შევუთანხმებ, დავაზუსტებ. ეს არის შეთანხმების საგანი, ამას არ წყვეტს ერთი მხარე, ამას ორი მხარე სჭირდება, ამიტომ ვერაფერს გეტყვით მეტს."
პროკურორის ინფორმაციით საპროცესო შეთანხმებას კონკრეტული წინაპირობები სჭირდება, რაც ბრალის აღიარებას და სასჯელზე შეთანხმებას მოიცავს.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, რომ ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, უნდა მივმართოთ საპროცესოზეო, თუმცაღა ამას მისი ადვოკატები აჟღერებენ უკვე დიდი ხნის განმავლობაში. შესაბამისად, დღეს, ამ წუთას, რა თქმა უნდა, ვერცერთ დეტალზე ვერ გაგესაუბრებით, რადგან მსგავსი რამ არც არის საერთოდ განხილვაში. როგორც აქამდე მოგახსენეთ, ვინაიდან და რადგანაც არ მოუმართავს, არ უღიარებიათ და ა.შ. დღემდე რაიმე გადაწყვეტილება და მსჯელობა არ ყოფილა. საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ფორმდება საპროცესო შეთანხმება და მტკიცდება სასამართლოს მიერ, უნდა არსებობდეს გარკვეული პირობები. პირველი - ეს არის ბრალის აღიარება და სასჯელზე შეთანხმება." - აცხადებს პროკურორი ანა ლეკიაშვილი.
ბურჭულაძეს, საერთო ჯამში, 1 593 000 ლარის უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მოწმეები გამოიკითხნენ.