მსახიობი კახა მიქიაშვილი "რუსთავი 2"-ის ეთერში პატრიარქის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ტრაგიკულმა დღეებმა ქართველი ხალხი გააერთიანა.
"ჩვენ პირველივე წუთიდან იქ ვიყავით, არ შეწყვეტილა, არ შენელებულა ხალხის ნაკადი. ეს იყო უნიკალური მოვლენა, მაგრამ იცით როგორი შთაბეჭდილება დამრჩა? ხალხი არ მოდიოდა უბრალოდ პანაშვიდზე, ხალხი მოდიოდა და ფოტოს იღებდა, ყველა ხვდებოდა, რომ ხდებოდა რაღაც მოვლენა, რომლის მსგავსიც არაფერი მომხდარა და ისტორიაში შევა განსაკუთრებულად. რა მოვლენა იყო ეს, ამას დრო კიდევ უფრო მეტად შეაფასებს. სასწაულები ხდებოდა. სასწაულზე ფიქრის დროს ჩვენ გვგონია, რომ ცა უნდა გაიხსნას და ვარსკვლავი ჩამოვარდეს, მეტი სასწაული რა შეიძლება მოხდეს?
უწმინდესი ხშირად ამბობდა, ისე არ წავალ გაერთიანებული საქართველო რომ არ ვნახოო, ეს არ იყო გაერთიანება რაც ვნახეთ? ამაზე მეტი გაერთიანება რა უნდა იყოს. მე ვხედავდი ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ძალიან მძიმე კრიტიკით პატრიარქის მიმართ, თუმცა ვხედავდი მოდიოდნენ და იყრიდნენ მუხლს. მე პირადად ძალიან ბევრ ადამიანს შევხვდი იქ ვისთანაც კონფლიქტში ვიყავი და იქვე შევრიგდით.
დილის შვიდ- რვა საათზე მოდიოდნენ მშობლები თოთო ბავშვებით, რომ წუთით შეეხედათ პატრიარქისთვის. ხალხი შემოდიოდა და ჯვრებს ადებდნენ, გვთხოვდნენ, იყო შემთხვევა როცა ადამიანები ამბობდნენ მესამე წრეზე შემოვედით და გთხოვთ კიდევ ერთხელ დაადეთ ჯვარიო, ეს ნიშნავს, რომ მესამე წრეზე ხალხი 7-8 საათი იდგა რიგში. ხალხი მოდიოდა განცდით, რომ მოდიოდნენ წმინდა ადამიანთან, ვისგანაც მადლი უნდა მიეღოთ, მოდიოდნენ ხეიბრები, უსინათლოები. ეს იყო საოცრება,"- აცხადებს კახა მიქიაშვილი.