07 აგვისტო 2026,   09:27
ვრცლად
პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ამოქმედდება. სამინისტროებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს დიდ შესყიდვებთან შეხება არ ექნებათ - ლევან ჟორჟოლიანი

პირველი ივნისიდან ცენტრალიზებული შესყიდვების ორგანო ამოქმედდება - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა "რუსთავი 2-ის" ეთერში გამართულ დებატებში განაცხადა.

მისი თქმით, შესყიდვების ორგანო გარკვეული ზღვრების ზევით ცენტრალიზებულ შესყიდვებს გამოაცხადებს და სამინისტროებს, საქვეუწყებო დაწესებულებებს დიდ შესყიდვებთან შეხება არ ექნებათ:

"ერთი ორგანო იქნება ამაზე პასუხისმგებელი და მათ შორის, მონიტორინგისთვის ეს არის ძალიან ეფექტური. თუ მარტო მორალური, ბუნების კანონები არის კარგი და ადამიანის მიერ დაწერილი კანონები კარგი არ არის, ამით მთელი რომის სამართლის სისტემას ვანგრევთ. ამაზე არის აწყობილი მთელი ევროპა და კაცობრიობის მთელი სამართალი. კორუფცია ყველა შემთხვევაში ცუდია. ის ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და როდესაც ვსაუბრობთ რეგულაციებზე 2016 წლის შემდეგ, აღნიშნული რეგულაციების უმეტესობა ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარეობს და  შევადარეთ შევარდნაძის პერიოდს და მაშინაც ასოცირების შეთანხმებას და მის ვალდებულებებს ასრულებდნენ ეტყობა. კორუფციის აღქმის ინდექსები რომ მხოლოდ და მხოლოდ გამოკითხვებით არ ტარდება, ეს სწორი არ არის. მაგალითად,  Heritage Foundation-ის ბოლო კვლევა რომ ვნახოთ, იქ, აღქმებთან და აზრთან ერთად, ასევე ძალიან დიდი ნაწილი ეთმობა ინსტიტუციურ გაძლიერებას, სახელმწიფო პროტექციონიზმის, ნეპოტიზმის და ა.შ. ამ მიმართულებებს როგორ ებრძვის.

მარტო ენერგეტიკულ საწარმოებში და რკინიგზაში ოპტიმიზაციით წლიურად 60 მლნ დაიზოგა და ეს თუ კლანებს შორის ბრძოლაა, მაშინ შეგვიძლია ამას დავარქვათ კლანებს შორის ბრძოლა. ის ინტიტუციური რეფორმები, რომლებიც გატარდა, თუნდაც მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელიც ითანხმებს  ძალიან ბევრ შესყიდვას, რომლებიც გადის ძალიან პროფესიონალი ადამიანების აბსოლუტურ ექსპერტიზას და მხოლოდ ამის შემდეგ არიან უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროები, საქვეუწყებო, თუ სახელმწიფო  შპს-ები, რომ კონკრეტული შესყიდვები განახორციელონ. იგივე სახელმწიფო შპს-ებიდან როდესაც 300 მილიონ  შესყიდვას აკეთებენ ყოველწლიურად, იქიდან 33% დავუქვემდებარეთ სახელმწიფო შესყიდვებს და მოექცნენ რეგულაციის ქვეშ. როდესაც მათი პირდაპირი შესყიდვები იყო 400 000 ლარამდე და დავწიეთ 50 000 ლარამდე, ეს ყველაფერი თუ ინსტიტუციური მიდგომა არ არის და არის კლანებს შორის დაპირისპირება, „ფეიკ“ ბრძოლა, მაშინ შეგვიძლია დავარქვათ „ფეიკ“ ბრძოლა," -  განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

დღის ამბები