საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილთან ერთად, "ოცნების ქალაქის" სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
მთავრობის მეთაური ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა, რომლებსაც მშენებლობის დასრულების შემდეგ ბინები საკუთრებაში გადაეცემათ.
მასშტაბური სოციალური პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში სამი 8-სართულიანი და ექვსი 13-სართულიანი კორპუსი შენდება, სადაც ბინას 1077 ოჯახი მიიღებს. 8-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უკვე დასრულებულია, ხოლო 13-სართულიანი კორპუსების მშენებლობა უახლოეს მომავალში დასრულდება. ტერიტორიაზე ეწყობა შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურა. "ოცნების ქალაქში" ასევე იგეგმება საჯარო სკოლის, საბავშვო ბაღის და საბავშვო მოედნების მშენებლობა.
პროექტის პირველ ეტაპზე უკვე აშენდა სამი 12-სართულიანი მრავალბინიანი სახლი, სადაც ბინა საკუთრებაში 582 ოჯახს გადაეცა.
პროექტის პირველ ეტაპზე 40 684 696 ლარი დაიხარჯა, ხოლო მეორე ეტაპის ღირებულება 132 580 552 ლარია.