დანგრეული სახლები, მიწის ნაპრალები ეზოებში და წაქცეული ხეები - ასე გამოიყურება სოფელი კურსები ახლა. მეწყრის ჩამოწოლის შედეგად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეებისა და გოგოლაშვილების უბანში 5 საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაინგრა, დაზიანდა ავტომობილები და გზები.
სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა - მაშველებმა მოსახლეობის ტერიტორიიდან გაყვანა დროულად მოახერხეს - ევაკუირებულია სულ 45 ოჯახი. ადგილობრივებმა კი "კურიერთან" მძიმე ღამის დეტალები გაიხსენეს.
მეწყერი სოფელში დაახლოებით ღამის 3 საათზე ჩამოწვა - მაშინ, როცა ყველას ეძინა. მოქალაქეებმა თქვეს, რომ ისინი მეწყრული პროცესების დაწყებისას სწორედ უცნაურმა ხმებმა გააღვიძა.
ევაკუირებული მოქალაქეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ ტყიბულსა და ქუთაისში დროებით, სასტუმროებში გადაიყვანა და პირველადი მოხმარების ნივთებით მოამარაგა.
სტიქიის ზონაში დილიდან ჩავიდნენ და ვითარებას ადგილზე აკვირდებიან რეგიონული განვითარების მინისტრი, მისი პირველი მოადგილე.შექმნილია საგანგებო შტაბი. სტიქიის ზონაში სამუშაოები გრძელდება.
სოფელ კურსებში რჩებიან შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები და შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე მუშაობას განაგრძობენ გეოლოგებიც. სწორედ მათი პირველადი მონაცემების შემდეგ გახდება ცნობილი, რამ გამოიწვია მეწყრული პროცესები და ზუსტად რამდენია ზარალი.