"პრეტენზია არაფერზე მაქვს, ძალიან კონსტრუქციული საუბარი იყო" - ამ სიტყვებით დატოვა გია ხუხაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, სადაც გამომძიებლების შეკითხვებს თითქმის 4 საათის განმავლობაში პასუხობდა. ხუხაშვილი ამტკიცებს, რომ მისი მიზანი სახელმწიფო ინტერესების დაზიანება არ ყოფილა.
რეგიონში არსებული ომის ფონზე, ხუხაშვილის განცხადებები სახელმწიფო ინტერესების მიზანმიმართული დაზიანების მცდელობაა მმართველი გუნდისთვის.
მმართველი გუნდი ხუხაშვილის იმ განცხადებაზე საუბრობს, რომელიც პოლიტოლოგმა ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გააკეთა. თქვა, რომ ტერაქტების საფრთხე არსებობს.
განცხადებები, რომლებსაც ხელისუფლების ოპონენტები მოსაზრებებს უწოდებენ, "ქართული ოცნებისთვის" საქართველოს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებებია. სახელისუფლებო პარტიაში ამბობენ, რომ ყველა პირი, რომელიც მსგავს განცხადებას აკეთებს, უცხო ძალების დავალებების შემსრულებელია.
გია ხუხაშვილის გარდა, გამომძიებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა თინა ხიდაშელს, გიორგი კანდელაკს, ვახტანგ კაპანაძეს და გუბაზ სანიკიძესაც მოუწიათ.
უცხო ქვეყნისთვის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით სუს-ში დაწყებული გამოძიება გრძელდება.