აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ომი ირანში პრაქტიკულად დასრულებულია.
ტრამპის თქმით, "მათ აღარ ჰყავთ ფლოტი, აღარ აქვთ კავშირგაბმულობა და აღარ ფლობენ სამხედრო-საჰაერო ძალებს". მისივე განმარტებით, ნაოსნობისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე ამჟამად გახსნილია და აკვატორიაში გემების მიმოსვლა შეუფერხებლად მიმდინარეობს. იმ შემთხვევაში, თუ ჰორმუზის სრუტეში ნავთობის მიწოდება შეფერხდება, ტრამპი ოცჯერ უფრო ძლიერი დარტყმით იმუქრება.
ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ თეირანმა ამ სრუტეზე სრული კონტროლის შესახებ გამოაცხადა.
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" კი განაცხადა, რომ ომის დასრულების პირობებს თავად ირანი განსაზღვრავს. სახელმწიფო მედიაში გამოქვეყნებულ განცხადებაში, რომელიც ტრამპის პოზიციის საპასუხოდ გაკეთდა, აღნიშნულია, რომ: "მხოლოდ ირანი გადაწყვეტს, თუ როდის დასრულდება ეს ომი".
„ჩვენმა B-2-ის ტიპის ბომბდამშენებმა ახლახან ათობით 2000 ფუნტიანი ბომბი ჩაყარეს, რამაც ირანის მთელ ტერიტორიაზე სრულად გაანადგურა სარაკეტო გამშვები დანადგარები, მიწის სიღრმეებში განთავსებული ობიექტები. ხშირ შემთხვევაში, მიწის ფენა მათთვის დაბრკოლებას საერთოდ არ წარმოადგენდა. ასევე ვანადგურებთ საწარმოო ბაზას, რომელსაც რეჟიმი დრონებისა და რაკეტების დასამზადებლად იყენებს; ეს ხდება ისეთი ტემპით, როგორიც ვერც კი წარმოედგინათ. ვიცით ყველა წერტილი, სადაც იმყოფებიან და თანმიმდევრულად ვანადგურებთ. ვფიქრობ, საბოლოო შედეგს ძალიან მალე ვიხილავთ. დააკვირდით - ყველაფერი, რაც მათ გააჩნდათ, განადგურებულია, ხელმძღვანელობის ჩათვლით. ფაქტობრივად, მათი მართვის ორივე რგოლი გაქრა, რეალურად კი - იმაზე მეტიც. ხელმძღვანელობის ორივე ეშელონი ლიკვიდირებულია", - განაცხადა ტრამპმა.