ბრიუსელი - ევროპული მთავრობები გაღიზიანებულნი არიან ფონ დერ ლაიენის მცდელობის გამო - დაიმკვიდროს თავი ევროკავშირის მთავარ წარმომადგენლად საგარეო ასპარეზზე. მათი თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის კამპანიის პირველ დღეებში საკუთარ მანდატს გადააჭარბა.
გამოცემა POLITICO-სთან საუბარში ევროპის ქვეყნების ცხრა დიპლომატმა, ევროკავშირის ოფიციალურმა პირმა და კანონმდებელმა გააკრიტიკა ფონ დერ ლაიენი და ევროკომისიის პრეზიდენტი "დიპლომატიურ გადაცდომაში" დაადანაშაულეს. ირანის კრიზისის მართვასთან დაკავშირებულ უკმაყოფილებას დაემატა საგარეო პოლიტიკის სხვა საკითხებზეც, მათ შორის: კომისიის მცდელობები - დააჩქაროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება და ფონ დერ ლაიენის განწყობები დონალდ ტრამპის "მშვიდობის საბჭოს" მიმართ.
აღმოსავლეთის კონფლიქტის მეორე კვირის დაწყების პარალელურად, ევროკავშირს გაუჭირდა ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება - წერს POLITICO.
რამდენიმე მთავრობა შეშფოთებულია იმით, რომ ფონ დერ ლაიენი, მათი შეფასებით, ითავსებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა ხელმძღვანელის, კაია კალასის როლს, რომელმაც წესით 27 ქვეყნის დედაქალაქის პოზიცია უნდა წარმოადგინოს. კრიზისის პირველ დღეებში ფონ დერ ლაიენმა მხარი დაუჭირა თეირანში რეჟიმის შეცვლას და არაერთი ზარი განახორციელა ევროკავშირისა და ყურის ქვეყნების ლიდერებთან. კრიტიკოსების თქმით, მან არაერთხელ დააფიქსირა საჯარო პოზიციები, რომლებიც ბევრად სცილდება ბლოკის წევრებს შორის არსებულ კონსენსუსს".