12 აგვისტო 2026,   06:41
ვრცლად
ქალი ბაზიერები საქართველოდან - ფრინველით ნადირობის ტრადიცია, რომელიც ხელოვნების დონეზეა აყვანილი

არანაირი იარაღი. მხოლოდ ფრინველი და ძაღლი. ეს ბაზიერობის დაუწერელი კანონია. მტაცებელი ფრინველით ნადირობას თან არ ახლავს არანაირი სროლა და ხმაური. მონადირეს და სავარაუდო მსხვერპლსაც ფაქტობრივად თანაბარი შანსები აქვთ.

გარეული ფრინველის გაწვრთნასა და გამოზრდაში ბაზიერები ოჯახებით არიან ჩართული. ლევანის შემთხვევაშიც ასეა. შევარდნების მოვლაში მას თავისი მეუღლე, თეკლეც ეხმარება, რომელსაც ეს საქმიანობა ასევე ოჯახურად მოსდევს.

თეკლესთვისაც არ იყო უცხო გარეულ ფრინველთან ურთიერთობა. ლევანის გატაცებამ კი, მის ჰობის კიდევ უფრო მეტი ინტერესი შესძინა.

მტაცებელი ფრინველის მოვლა შინაურ პირობებში არ არის მარტივი საქმე. ნადირობის სეზონის დადგომამდე შევარდენსაც, ქორსაც და მიმინოსაც ხშირად სჭირდებათ ფრთების გაშლა, უბრალოდ ცოტა ხნით აშვება და ნადირობის სიმულაცია. ყველაფერს ემატება მათი კვებაც, რასაც ასევე დიდი ყურადღება ექცევა.

ბაზიერები ფრინველებთან ერთად პერიოდულად ასე იკრიბებიან, ცეცხლის გარშემო სხდებიან და უბრალოდ საუბრობენ. პატრონის ხმა და მასთან სიახლოვეც თავად ფრინველზე კარგად მოქმედებს. დავითსაც, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბაზიერია, ასეთ შეკრებებზე თავისი შვილი, ნინო ყოველთვის თან დაჰყვება. ეჩვევა ფრინველს, სწავლობს მასთან ურთიერთობას, აკვირდება სხვა მონადირეების ქცევებსაც.

ამ საქმეში ნინო ახალბედაა, თუმცა სწავლისგან თავისუფალ დროს ხშირად სწორედ ფრინველთან ერთად ატარებს. ბაზიერობის ოჯახური ტრადიცია მისთვის ერთგვარი ჰობი გახდა.

როგორც თავად ბაზიერები ამბობენ, ისინი ფრინველს კი არ იმორჩილებენ, არამედ მასთან მეგობრობას სწავლობენ, რასაც დრო, მოთმინება და მათი სიყვარული სჭირდება. ეს არის ტრადიცია, რომელიც ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

დღის ამბები