06 აგვისტო 2026,   18:01
ვრცლად
ერთი მაგიდა, 9 პოლიტიკური სუბიექტი და 6 ყოფილი მაღალჩინოსანი - "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულების გზა ისევ მშობლიურ პარტიამდე მივიდა

სიზიფეს ქვას ქართული ოპოზიცია ზემოთ-ქვემოთ ზუსტად ისე დაატარებს, როგორც მითში. ფუჭმა ძალისხმევამ კი ოპოზიციური ერთობაც მითად აქცია. მერამდენედ ერთიანებიდან ან როდის იშლებიან ვერ გაერთიანებულები? - არათანმიმდევრულ პოლიტიკას ვერც ზუსტი მეცნიერება ითვლის, თუმცა ფაქტია, რომ ვერახდენილი ოცნება ისევ დღის წესრიგში დააყენეს და ყოფილმა "ნაციონალებმა" თავი ისევ ერთად მოიყარეს. პროცესის დირიჟორობა კი აქაც, მიხეილ სააკაშვილმა ითავა. ერთი მაგიდა, 9 პოლიტიკური სუბიექტი და 6 ყოფილი მაღალჩინოსანი - "ნაციონალური მოძრაობიდან" წასულების გზა ისევ მშობლიურ პარტიამდე მივიდა.

ოპოზიციის ფორმულა აჩვენებს, რომ რევანშისადმი ლტოლვა დაძრულ მატარებელზე ნებისმიერი ადგილიდან შეხტომას, ზოგჯერ კი ჩამოხტომას ითხოვს. განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიტიკური რელსების ბოლო გაჩერება ნანატრი რევოლუციაა. ამ მიზნით კი ოპოზიციონერები სხვადასხვა ფორმის იმდენი მაგიდის ირგვლივ და იმდენჯერ მსხდარან, ალბათ რამდენიც თავად არიან, თუმცა შეკრება-გაერთიანებებს შედეგი ერთხელაც არ მოჰყოლია.

ვინ წყვეტდა ზემოდან და ვინ საით მიჰყავდა ზურგის ქარს - ეს თამარ ჩერგოლეიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა ფაქტი აღიარებულია. პოლიტიკოსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს მუდმივად აკრიტიკებდა, ახლა ისევ მის ირგვლივ და ერთ ალიანში გაერთიანდა.

ნიკა გვარამიას ინიციატივას, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი და მოქმედი წევრები ერთ ალიანსად შეკრიბა, ოპოზიციის ერთი ნაწილი უარს ეუბნება. ხიდჩატეხილობა კი მათ რიგებში გახარიას, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიებმა და "გირჩმა" შეიტანეს.

ჩერგოლეიშვილს სჯერა, ადრესატები კი მისვლას არ აპირებენ. ისაუბრეს მიზეზებზეც და განმარტეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ წევრებთან თანამშრომლობა არ სურთ.

2021 წელს, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტია სააკაშვილის პარტიასთან თანამშრომლობდა. ეს მაშინ, როცა კოალიციური კაბინეტის დასახელებისას, მაშინდელმა "ნაციონალმა" და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში მისი მოადგილე სწორედ მამუკა ხაზარაძე იქნებოდა.

"ნაციონალებთან" თანამშრომლობა ბევრჯერ გააფორმა გახარიას გუნდმაც, თუმცა დღეს უარზე არიან. ოპონენტების პოლიტიკური ფერისცვალება კი არადამაჯერებელია მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ ოპოზიციური პარტიები გარე ძალების დავალებით მოქმედებენ. ამ სქემის მიხედვით კი ყველა ისე იქცევა, როგორც მათ გარე ლობისტები უბრძანებენ.

გაერთიანების სახელით დაწყებულ პროცესს მიღმა დარჩა "გირჩიც". პარტია შეკრებაზე არ მიუწვევიათ. "გირჩში" ამბობენ, რომ კოლეგების გაერთიანებას წარმატება იმ შემთხვევაში ექნება, თუკი აღიარებენ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან და მხოლოდ ის არის სიმართლე, რასაც სააკაშვილი იტყვის.

შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ნათელაშვილის ფანჩატურიდან მოყოლებული, დღემდე მიმდინარე ოპოზიციურ არცერთ გაერთიანებას, შედეგი არ ჰქონია. ოპოზიციის მოჯადოებული წრე კი ისევ მარცხისთვის არის განწირული, რადგან საზოგადოება რეალობას სწორად აფასებს და არჩევანსაც შესაბამისს აკეთებს.

"ნაციონალური მოძრაობიდან" ადრე და გვიან წასულებმა, მშობლიური პარტია ბევრჯერ უარყვეს და ბევრჯერაც გააკრიტიკეს, უფრო ბევრჯერ კი მათი გზები მაინც სააკაშვილის პარტიამდე მივიდა. ოპოზიციამ საკუთარ დღის წესრიგში მორიგი ალიანსი და გაერთიანება, 2026 წელსაც ჩაწერა, თუმცა საზოგადოებას ეს კინო ბევრჯერ აქვს ნანახი.

დღის ამბები